ეძღვნება მზია ამაღლობელს.
მოგახსენებთ ორი ისტორიული უვადო შიმშილობის თაობაზე, როდესაც მოშიმშილეები იმყოფებოდნენ სახელმწიფოს 100% კონტროლის პირობებში, ოღონდ, პირველ შემთხვევაში სახელმწიფო დაინტერესებული იყო შიმშილობის ლეტალური შედეგით, მეორეში კი, პირიქით, სახელმწიფო ცდილობდა "შიმშილობის ჩაშლას".
1. რობერტ სენდსი
ჩრდილო ირლანდიის (ოლსტერის) კათოლიკური მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის ბრიტანული იმპერიისაგან. ვინაიდან პოლიტიკური ბრძოლა არ იძლეოდა შედეგს, XX საუკუნეში ირლანდიელმა კათოლიკებმა შექმნეს ირლანდიის რესპუბლიკური არმია (IRA), რომელიც გადავიდა შეიარაღებულ პარტიზანულ ბრძოლაზე ბრიტანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ. ამ იატაკქვეშა IRA-ს ჰყავდა ლეგალური პოლიტიკური ფრთა, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა დონის დეპუტატებისაგან და პატრიოტულად განწყობილი ირლანდიელებისაგან.
1981 წელს, ბრიტანეთის პოლიციამ დააპატიმრა IRA-ს პოლიტიკური ფრთის წევრები, მათ შორის, ძალიან პოპულარული 28 წლის აქტივისტი - რობერტ სენდსი. მას ბრალი ედებოდა IRA-სთვის იარაღის შეძენაში, რაც თავად სენდს არასდროს უარუყვია. უკვე დაპატიმრებული სენდსი (სასამართლომდე ერთი თვით ადრე) აირჩიეს ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატად, მაგრამ სასამართლომდე, პრემიერმა მარგარეტ ტეტჩერმა მიაღებინა პარლამენტს კანონი, რომ ის, ვისაც მისჯილი ჰქონდა ერთ წელიწადზე მეტი პატიმრობა, ვეღარ ისარგებლებდა სადეპუტატო იმუნიტეტით; სასამართლომ კი, რობერტ სენდს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამავდროულად, IRA-ს პოლიტიკური ფრთის ლამის მთელ შემადგენლობას მიუსაჯეს დიდვადიანი პატიმრობები.
ციხეში IRA-ს წევრებმა, სენსის თაოსნობით, მოითხოვეს პოლიტიკური პატიმრების სტატუსის მინიჭება და შემდეგი 5 პირობის შესრულება:
- პოლიტიკური პატიმრის უფლება განსხვავებული ფორმის ტარებაზე;
- პოლიტპატიმრების ციხეში იძულებითი სამუშაოებისგან გათავისუფლება;
- ციხეში "არაპოლიტიკურ“ პატიმრებთან კონტაქტის უფლება;
- პოლიტპატიმრებისთვის კვირაში ერთი პაემანის და ერთი ამანათის მიღების უფლების აღდგენა;
- პოლიტპატიმრებისთვის ვადამდე გათავისუფლების ჩამორთმეული უფლების აღდგენა.
ტეტჩერის მთავრობამ პატიმრების არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მაშინ სენდსმა გამოაცხადა უვადო შიმშილობა, რომელსაც, ეტაპობრივად, IRA-ს სხვა პატიმრებიც შეუერთდნენ.
30-დღიანი შიმშილობის შემდეგ, სენდსის ჯანმრთელობამ დაიწყო შეუქცევადი გაუარესება. ტეტჩერს მთელი მსოფლიოდან მისდიოდა მიმართვები, მათ შორის, რომის პაპისგანაც, სენდსის პირობების შესრულების თხოვნით, რომ მისცემოდა შესაძლებლობა, ღირსეულად გამოსულიყო სასიკვდილო შიმშილობიდან.
ტეტჩერის უარის საპასუხოდ, სენდსმა და მისმა ცხრავე თანამებრძოლმა არ მოხსნა არცერთი მოთხოვნა და გააგრძელა უვადო შიმშილობა. 1981 წლის მაისში, 66-დღიანი შიმშილობის შედეგად, რობერტ სენდსი ციხეში გარდაიცვალა.

მიუხედავად მებრძოლების ლიდერის დაღუპვისა, მთავრობამ მაინც არ შეცვალა თავისი ხისტი პოზიცია. ამ პოლიტიკურ შიმშილობას ერთმანეთის მიყოლებით შეეწირა რობერტ სენსის კიდევ ცხრა თანამებრძოლის სიცოცხლე. ყველაზე დიდხანს, 73 დღე იშიმშილა IRA-ს წევრმა დოჰერტიმ. სიკვდილამდე 1 თვით ადრე, დოჰერტი აირჩიეს ირლანდიის პარლამენტის დეპუტატად.

ამ სისასტიკემ გამოიწვია მასობრივი პროტესტები მთელ მსოფლიოში, ბრიტანეთის გარდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა აღიქვამდა რობერტ სენდს და მის თანამებრძოლებს ჩვეულებრივ ტერორისტებად.
შემდგომში, ჟურნალისტების მწვავე კითხვებზე, ირლანდიელების სასიკვდილო შიმშილობის თაობაზე, პრემიერი ტეტჩერი პასუხობდა: "ასეთი დასასრული იყო თავად პატიმრების მიზანი“.
მიუხედავად "მოწინააღმდეგეების განადგურება/თვითგანადგურებისა/“, ბრიტანეთის ხელისუფლების ხანმოკლე გამარჯვება, ისტორიამ "გადათარგმნა“ როგორც ირლანდიელი მებრძოლების სრული მორალური ტრიუმფი ბრიტანულ მეტროპოლიაზე!
90-იანი წლებიდან, ირლანდიელმა პარტიზანებმა შეწყვიტეს შეიარაღებული ბრძოლა ბრიტანელების წინააღმდეგ. ექსპერტები ხსნიან იმით, რომ ირლანდიელმა დემოგრაფებმა გამოაქვეყნეს ვრცელი კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ირლანდიული კათოლიკური მოსახლეობის ზრდის ტემპი ბევრად აღემატება ოლსტერის ინგლისური (პროტესტანტული) მოსახლეობის მატების ტემპს. კვლევამ დაასკვნა, რომ 2030 წლისთვის, დემოგრაფიული ბალანსი ოლსტერში შეიცვლება ირლანდიელების სასარგებლოდ და ბრიტანეთის უღლისგან გათავისუფლება შესაძლებელი გახდება ჩვეულებრივი რეფერენდუმის გზით...
(2) აკადემიკოს სახაროვის შიმშილობა
საბჭოთა ატომური და წყალბადის ბომბების შექმნაში ფიზიკოსმა ანდრეი სახაროვმა უდიდესი წვლილი შეიტანა. საბჭოთა ხელისუფლებამ სამჯერ მიანიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება; 32 წლის ასაკში ის საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა აკადემიკოსი გახდა. მაგრამ 60-იან წლებში მან დაიწყო თავისი მოღვაწეობის შედეგების გადაფასება და აქტიურად ჩაება დისიდენტურ მოძრაობაში.
პრიორიტეტულ მიზნებს შორის, სახაროვმა დაისახა გლობალური ბირთვული განიარაღება, საბჭოთა კავშირში კი, კომპარტიის დიქტატურის საწინააღმდეგოდ აზრის გამოხატვის, მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება. 1975 წელს, სახაროვს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლისათვის და დიქტატურის პირობებში ადამიანის უფლებების უშიშარი დაცვისთვის, მიენიჭა ნობელის პრემია.

თავდაპირველად კომუნისტური ხელისუფლება დაიბნა - ასეთი მძიმეწონიანი ოპონენტი, რომელიც დაუნდობლად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, კომპარტიას დიდი ხანი არ ჰყოლია. სიტუაციას ამწვავებდა მისდამი მსოფლიო მედიის მუდმივი ინტერესი, რომელსაც სახაროვი აწვდიდა ინფორმაციას რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და "სხვაგვარად მოაზროვნეთა“ მიმართ ტოტალური რეპრესიების თაობაზე. თანდათან ის გახდა საბჭოთა კავშირის დისიდენტური მოძრაობის უპირობო ლიდერი.
ბოლოსდაბოლოს, ცეკას უმტყუნა ნერვებმა და სახაროვი, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, იძულებით გადაასახლეს მოსკოვიდან ქალაქ გორკში (ამჟამად, ნიჟნი ნოვგოროდში). ვინაიდან ამ ქალაქში განთავსებული იყო ბევრი სამხედრო საწარმო, გორკი დახურული იყო უცხოელი ვიზიტორებისათვის. ამით, კგბ-მ გადაუკეტა სახაროვს კავშირები მსოფლიო მედიასთან, რაც მოსკოვის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. მისი მეუღლე, ელენა ბონერი გაყვა ქმარს იძულებით გადასახლებაში. სახაროვისგან განსხვავებით, ქ-ნ ელენეს გორკიდან მოსკოვში მოგზაურობის უფლება არ ჩამოართვეს. გორკში ცოლ-ქმარს გამოუყვეს ოროთახიანი ბინა, ხოლო ბინის კარებთან, სადარბაზოში, კგბ-მ შექმნა 24-საათიანი მილიციის სამორიგეო პოსტი. სახაროვს ეკრძალებოდა გარე სამყაროსთან პირადი თუ წერილობითი კონტაქტები. მას მისცეს ქალაქში გადაადგილების უფლება და ნება დართეს, ესარგებლა ადგილობრივი ფიზიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკით.
გადასახლებაში სახაროვის მეუღლეს გაუუარესდა მხედველობა და შეექმნა გულის უკმარისობა - გაჩნდა სრული დაბრმავების რისკი. ამ სირთულის ოპერაციებს აკეთებდნენ მხოლოდ დასავლეთში, მაგრამ კგბ-მ ელენე ბონერს საოპერაციოდ საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. მაშინ, მეუღლის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაშვების მოთხოვნით, სახაროვმა დაიწყო შიმშილობა.
თავდაპირველად, მან დაიწყო შიმშილობა სახლში. მიუხედავად მკაცრი საინფორმაციო იზოლაციისა, ინფორმაციამ ნობელიანტის შიმშილობის შესახებ გაჟონა მსოფლიო მედიაში, რამაც გამოიწვია დიდი რეზონანსი, ხოლო სახაროვის კგბ-ს კურატორებს დამართა პანიკა.
იმისთვის, რომ მოშიმშილე კგბ-ს სრული კონტროლის ქვეშ მოექციათ, იგი მოტყუებით, ვითომდა გეგმური ჯანმრთელობის შემოწმების საბაბით, გადაიყვანეს სემაშკოს სახელობის საოლქო საავადმყოფოში (ჩვენი ვივამედის ანალოგიურ დაწესებულებაში), სადაც დაატყვევეს და სახლში აღარ გაუშვეს. მიუხედავად ფიზიკური წინააღმდეგობისა, სპეც-პერსონალმა დაიწყო პაციენტის ვენებში სხვადასხვა მკვებავი ნივთიერების შეყვანა, რის შემდეგაც გამოუცდელ პატიმარ-მოშიმშილეს გამოუცხადეს - ამ გადასხმებმა თქვენს შიმშილობას ოფიციალურად მოუღო ბოლო. რაც შეეხება თქვენი მეუღლის სამკურნალოდ გამგზავრებას, ეს საკითხი განხილვაზეა ცეკაში და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება; აკადემიკოსი მაშინვე გაწერეს კლინიკიდან.
გავიდა რამოდენიმე კვირა, მეუღლის ჯანმრთელობა უარესდებოდა და სახაროვი მიხვდა, რომ კურატორებმა, უბრალოდ, მოატყუეს. მან ისევ დაიწყო შიმშილობა. ამჯერად, უკვე ძალის გამოყენებით აკადემიკოსი გადაიყვანეს იმავე კლინიკაში. რამდენიმეჯერ სცადეს მისი პროვიცირება, პალატაში ლოგინთან ცხელი, არომატული საჭმელის დადებით, მაგრამ ის არ ეკარებოდა კერძებს. მერე, სპეც "სანიტრებმა“ სცადეს მისი კვება ქათმის ბულიონით. ვინაიდან 62 წლის მოშიმშილე უწევდა წინააღმდეგობას, მას აბამდნენ ლოგინზე, ხოლო პირის გაღებას ცდილობდნენ დანით და აწვდიდნენ კოვზით ბულიონს, რომელსაც ის არ ყლაპავდა და უკან აფურთხებდა.
ვინაიდან "პაციენტი“ ყოველ ჯერზე მაინც უწევდა წინააღმდეგობას, ექიმებმა "მოიფიქრეს“ ცხვირით სუნთქვის ჩაკეტვა, იმისთვის, რომ სახაროვს პირი გაეღო და ამ დროს მიეწოდებინათ კოვზით ბულიონი. როგორც ჩანს, ამ მოშიმშილის წვალებით, პერსონალიც დაიღალა და მათ "გააძლიერეს მეთოდოლოგია“ - დაუწყეს "კვებასთან“ პარალელურად, "დამაწყნარებელი“ ნემსების კეთება, რაც საბჭოთა მედიცინას კარგად ჰქონდა დამუშავებული სადამსჯელო ფსიქიატრიისათვის დისიდენტების "მოსარჯულებლად“; ამავდროულად, გადავიდნენ ცხვირიდან ზონდით კვებაზე, რაც ძალიან მტკივნეული იყო სახაროვისთვის. ამ კომბინირებული წამების გამი, აკადემიკოსს განუვითარდა თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი, გონების დროებითი გათიშვით. ამ წამებასთან გათანაბრებულ "მკურნალობას“ ხელმძღვანელობდა თავად კლინიკის მთავარი ექიმი, ვინმე ოლეგ ობუხოვი რომელმაც, პალატაში "დაბინავებისას“, გამოუცხადა სახაროვს: "ჩვენ არ დავუშვებთ თქვენს სიკვდილს, მაგრამ გადაგაქცევთ უმწეო ინვალიდად!“
ამ "ექიმმა“ ბედნიერად იცოცხლა 93 წლამდე, მიუხედავად საზოგადოების პროტესტებისა, მას მიანიჭეს ნიჟნი ნოვგოროდის საპატიო მოქალაქის წოდება; ასევე, მან დაიკავა პოზიცია ადგილობრივ "ედინაია როსიაში“; მის საფლავზე კი ოქროს ასოებით წერია "Народный Врач СССР“. თურმე ჯალათების დაჯილდოვება სულაც არახალია...
თითქმის ორი თვის განმავლობაში რეჟიმი აწამებდა სახაროვს. მან დაკარგა 20 კგ წონა. ბოლოს ცეკაში მიხვდნენ, რომ ქ-ნ ელენეს მკურნალობის გარეშე, სახაროვი არ დანებდება. ცეკამ შესთავაზა ცოლ-ქმარს კომპრომისი, რომ ქ-ნ ელენეს გაუშვებენ სამკურნალოდ, თუ ორივე შეწყვეტს საბჭოთა ხელისუფლების კრიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე საზღვარგარეთ. ბონერი უნდა წასულიყო მარტო: სახროვი, როგორც ატომური Top-Secret-ების მატარებელი, უნდა დარჩენილიყო ქვეყანაში. ამჯერად ხელისუფლებამ დაპირება შეასრულა.
რამდენიმე თვეში, ქ-ნი ელენე დაბრუნდა გორკში გაუმჯობესებული მხედველობით და გულში ჩასმული ამერიკული სტენტებით. 1986 წელს, ერთ მშვენიერ დღეს, კურატორმა მიიტანა ბინაში ტელეფონის აპარატი და ჩართო ქსელში, თან გააფრთხილა - "დაელოდეთ, თქვენ დაგირეკავენ!". ცოტა ხანში სახაროვს დაურეკა გორბაჩოვმა და ამცნო: "თქვენ თავისუფალი ბრძანდებით და შეგიძლიათ, დაბრუნდეთ მოსკოვში“, რაზეც დისიდენტმა აკადემიკოსმა უპასუხა - თქვენ უნდა გაათავისუფლოთ არა მარტო მე და ელენე, არამედ ყველა საბჭოთა პოლიტპატიმარი!
ეს მოთხოვნა გორბაჩოვმა შეასრულა...