რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სამხრეთ კორეა: 2024 წელს ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ათასობით მუშა გაგზავნა

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით 2024 წელს რუსეთში ათასობით მუშა გაგზავნა. 

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების ფარგლებში ჩრდილოეთ კორეას მოქალაქეების უცხო ქვეყნებში სამუშაოდ გაგზავნა ეკრძალება. 

ჩრდილოეთ კორეელები ძირითადად მშენებლობებზე მუშაობენ, რასაც რუსეთი უკრაინაში ომის გამო მუშახელის დეფიციტის შესავსებად იყენებს.

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოკორეელები რუსეთში შესასვლელად სტუდენტურ ვიზას იყენებენ. რადიო თავისუფლება რუსეთის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2024 წელს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის 13 221 მოქალაქე შევიდა, რაც წინა წელზე თორმეტჯერ მეტია. აქედან, ნახევარზე მეტმა მიზეზად "განათლების მიღება" დაასახელა. 

ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის დასახმარებლად 10 000 - 13 000 სამხედრო გაგზავნა. აქედან, 3 000-ზე მეტი ან დაიღუპა, ან დაიჭრა. 

 

კომენტარები