გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კვლავ გამორიცხა Taurus-ის სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობა.
9 თებერვალს სატელევიზიო დებატების დროს მოქმედმა კანცლერმა განაცხადა, რომ მას არასწორად მიაჩნია ზუსტი დამიზნების მქონე ფრთოსანი რაკეტების უკრაინული მხარისთვის გადაცემა, რადგან ეს რუსეთის ტერიტორიაზე "ნგრევას გამოიწვევს".
"მე არ ვფიქრობ, რომ სწორია ისეთი იარაღის მიწოდება, რომელიც ნგრევას გამოიწვევს რუსეთის სიღრმეში. მჯერა, რომ თუ თქვენ პასუხისმგებელი ხართ გერმანიაზე, ეს ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას". - უპასუხა შოლცმა დებატებისას კანცლერობის ოპოზიციონერ კანდიდატ, ფრიდრიხ მერცს.
მერცმა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკის კანდიდატია, განაცხადა, რომ ყოველთვის ცალსახა პოზიცია ჰქონდა სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირში უნდა მოხდეს. შეერთებული შტატები აწვდიან, საფრანგეთი აწვდის, ბრიტანეთი აწვდის. ჩვენც უნდა გადავცეთ" - განაცხადა მერცმა.
მთავარმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ოქტომბერში განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში ის მხარს დაუჭერდა 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედი რაკეტების კიევისთვის მიწოდების გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, თუ რუსული დარტყმები უკრაინაზე არ შეჩერდება, "მაშინ პირველი ნაბიჯი სროლის დიაპაზონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, მეორე ნაბიჯი კი Taurus-ების მიწოდება იქნება".
"პუტინის ხელშია ის, თუ რამდენად სურს მას ამ ომის შემდგომი ესკალაცია. მგონია, რომ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რათა მინიმუმ საკუთარი საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დაბრუნება შეძლოს". - თქვა მერცმა მედიასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას ეწინააღმდეგება, უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების რიგში გერმანია მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. შოლცის თქმით, მნიშვნელოვანია "უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, რათა მას არ მოუწიოს ნაკარნახევიი პირობებით ზავის მიღება".
გერმანიის კანცლერმა წარსულშიც განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Taurus-ის ტიპის რაკეტებს არ გადასცემდა, რადგან ამ ნაბიჯს შესაძლოა გერმანიის ომში ჩართვის რისკები გაეზარდა.
"მე მაოცებს ის, რომ ზოგიერთი ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ მსგავსმა ნაბიჯმა შესაძლოა გერმანიის ომში ნაწილობრივ ჩართვა გამოიწვიოს. ის რაც უკრაინას დღეს ჭირდება ყველა მანძილის ტიპის იარაღის ტყვია-წამალია და არა კონკრეტულად Taurus". – თქვა შოლცმა.





