26 იანვარს ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირიძის სახლთან რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო შეკრება გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნეტგაზეთის დირექტორის სარჩელის დაუშვებლად ცნობას.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აღნიშნული საპროტესტო აქციის 9 მონაწილეს შეუდგინა, მათ შორის, ჟურნალისტებს - გელა მთივლიშვილს, ხვიჩა ვაშაყმაძესა და ეკა კუხალაშვილს, მუსიკოს ნინო ქათამაძეს, მასწავლებელ ვლადიმერ აფხაზავას, ფსიქოლოგებს - ქეთევან ფილაურსა და მაია ცირამუა, აქტივისტ ირინა ზარანდიასა და ლანჩხუთის საკრებულოს წევრ გივი ცინცაძეს.
არსებული ცნობებით, აღნიშნულ პირებს ოქმი შეუდგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით, რაც 15 დღემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო რეჟიმის მიერ მიღებული ცვლილებებით, 60 დღემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან 5000 ლარის ოდენობის ჯარიმას.
სასამართლო სხდომა 10 თებერვლის 12 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ხოლო საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
გამოცემა მთის ამბების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ელი განყოფილების უფროსის მოადგილის, დავით დვალიშვილის პატაკში, რომლითაც ის განყოფილების უფროსს მანუჩარ ნიკოლაძეს, წერია:
"მოგახსენებთ, რომ 26 იანვარს ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას ჩემს თანამშრომელთან, პოლიციის მაიორ გიორგი ნაჭყებიასთან ერთად, რა დროსაც დაახლოებით 19:50 საათზე, დავინახე მოქალაქეების ჯგუფი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლის წინ. შეკრებილები აპროტესტებდნენ დაკავებული ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგს. ... აღნიშნულს მოგახსენებთ თქვენი შემდგომი რეაგირებისათვის".





