უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინამ უსაფრთხოების ალტერნატიულ გარანტიად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს, კრემლი გამოეხმაურა.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ზელენსკის ამგვარი განცხადებები "სიგიჟეს უახლოვდება".
"მთლიანობაში, ასეთი და მსგავსი განცხადებები სიგიჟეს უახლოვდება. ძალაშია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი". - თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ აშშ მზად არ არის NATO-ში უკრაინის მისაღებად, ქვეყანამ უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიები უნდა მიიღოს, მაგალითად, ბირთვული იარაღი. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა.
"რა ტიპის დახმარების პაკეტი, რა ტიპის რაკეტები? მოგვცემენ ისინი ბირთვულ იარაღს? მაშ, გადმოგვცენ ბირთვული იარაღი". - თქვა ზელენსკიმ NATO-ში გაწევრიანების ალტერნატიულ გარანტიებზე საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება შესაძლოა, "წლებით ან ათობით წლით" გადაიდოს, რაც კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ როგორ დაიცავს უკრაინა თავს სამომავლო რუსული აგრესიისგან.
"მოდი, ასე მოვიქცეთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ბირთვული იარაღი; მოგვეცით სარაკეტო სისტემები; დაგვეხმარეთ, დავაფინანსოთ მილიონიანი არმია; ჩვენ განვათავსებთ ჩვენს კონტიგენტებს ქვეყნის ისეთ ნაწილებში, სადაც ჩვენ სტაბილურობა გვსურს, რათა ხალხმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს". - თქვა ზელენსკიმ ჰიპოთეტურ ალტერნატივებზე საუბრისას.