უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ აშშ მზად არ არის NATO-ში უკრაინის მისაღებად, ქვეყანამ უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიები უნდა მიიღოს, მაგალითად, ბირთვული იარაღი. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა.
"რა ტიპის დახმარების პაკეტი, რა ტიპის რაკეტები? მოგვცემენ ისინი ბირთვულ იარაღს? მაშ, გადმოგვცენ ბირთვული იარაღი". - თქვა ზელენსკიმ NATO-ში გაწევრიანების ალტერნატიულ გარანტიებზე საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება შესაძლოა, "წლებით ან ათობით წლით" გადაიდოს, რაც კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ როგორ დაიცავს უკრაინა თავს სამომავლო რუსული აგრესიისგან.
უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიტანა, თუმცა ალიანსისგან ოფიციალური მოწვევა ჯერაც არ მიუღია. მიუხედავად გასულ წელს მოკავშირეების მიერ გახმოვანებული დაპირებისა, რომ კიევის გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ "შეუქცევადია", წევრი ქვეყნები, მათ შორის, აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი ამ ეტაპზე კვლავ ეწინააღმდეგებიან ალიანსში უკრაინის შესვლას.
ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს რუსეთის შესაჩერებლად უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება შეუძლია, "რიტორიკულ შეკითხვად" რჩება, შეუძლია თუ არა დასავლეთს რუსული ბირთვული იარაღის შეჩერება.
"მოდი, ასე მოვიქცეთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ბირთვული იარაღი; მოგვეცით სარაკეტო სისტემები; დაგვეხმარეთ, დავაფინანსოთ მილიონიანი არმია; განვათავსოთ ჩვენი კონტიგენტები ქვეყნის ისეთ ნაწილებში, სადაც ჩვენ სტაბილურობა გვსურს, რათა ხალხმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს". - თქვა ზელენსკიმ ჰიპოთეტურ ალტერნატივებზე საუბრისას.
ზელენსკის მიერ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები უკავშირდება მის მიერ ცოტა ხნის წინ 1994 წლის უკრაინის გადაწყვეტილების კრიტიკას. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში, უკრაინამ დათმო საბჭოთა კავშირის დროინდელი ბირთვული არსენალი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იყო განლაგებული და შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას.
ზელენსკიმ საუბრისას ასევე მიუთითა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამამართლებელ არგუმენტში არსებულ წინააღმდეგობაზეც.
"პუტინი შემოიჭრა, რადგან მას ეშინოდა, რომ ჩვენ NATO-ს წევრი გავხდებოდით [რუსეთის არგუმენტი]. [ფაქტია], ჩვენ არ ვართ NATO-ს წევრი. მაშ, წადით ჩვენი მიწიდან". - თქვა ზელენსკიმ.





