საპროტესტო აქცები

აბესაძე: გზაზე გადასვლა დასჯადი გახდა, უგულავა ბრალს არ ეთანხმება და ხელი არ მოაწერა

ჩაგვბარდა ბრალის დადგენილება. 8 ადამიანს ორი წინადადებით იჭერენ და ორივე ტყუილია. თითქოს ეს რვა ადამიანი სხვებთან ერთად გზის ბლოკირებას ცდილობდა. გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის ძალისხმევით გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. ყველა უყურებდა, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა და როცა ცდილობ ასეთი ფაქტი აქციო 8 ადამიანის დაჭერის საფუძვლად, ვეღარ ახერხებ ბრალის დასაბუთებას შინაარსი მისცე და საბოლოოდ, ფორმალობისთვის შედგენილი 2 წინადადება გრჩება.

ახლა იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. პროკურორი მიმართავს მოსამართლეს. ველოდებით, რომ ეს დღესვე მოხდება, მაგრამ, როცა ამ დაკავებას სადამსჯელო სახე აქვს და დანარჩენებისთვის შიშის მოტანის მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მაღალია ალბათობა, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება გამოყენებული, რადგან სასამართლოც ამ ერთიანი ვერტიკალის შემადგენელი რგოლია.

გიგი ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება და მას ხელი არ მოაწერა.

პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და არსებობს ვიდეო, რომ აქციის მონაწილეები გზის ერთი მხარიდან მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდნენ, რაშიც პოლიციას მათთან მოლაპარაკებები ჰქონდა, რომ გზის სრული ბლოკირება არ მომხდარიყო. გზაზე გადასვლა ქალაქში დასჯადი გახდა - დღეს ეს აღმაშენებლის გამზირია და ხვალ შესაძლოა, ეს რუსთაველის გამზირი გახდეს და ა.შ., რადგან ეს ასე სურს ივანიშვილს. მტკიცებულებებს რაც შეეხება, საქმეშია პოლიციელების ჩვენებები და ვიდეომტკიცებულებები, ოღონდ ეს ჩანაწერები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. გადაადგილება თავიდან ბოლომდე შეთანხმებული იყო პოლიციასთან.

თქვა გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

სახალხო დამცველის აპარატის თქმით, თბილისი მოლთან აქციაზე დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. 

კომენტარები