ტრამპის ადმინისტრაცია

WP: ტრამპი განათლების დეპარტამენტის მნიშვნელოვნად შემცირებაზე ბრძანებას ამზადებს

AFP

გამოცემა Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღმასრულებელ ბრძანებას ამზადებს, რომელიც განათლების დეპარტამენტს მნიშვნელოვნად შეამცირებს, გრძელ ვადაში კი უწყების დახურვას ისახავს მიზნად. 

როგორც WP-ის ანონიმური წყაროები ამბობენ, ბრძანების წინასწარ, დაუსრულებელ ვერსიაში წერია, რომ დეპარტამენტის დახურვა მხოლოდ კონგრესს შეუძლია, თუმცა უწყებას შემცირებისკენ მოუწოდებს. 

როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ განათლების დეპარტამენტთან დაკავშირებით აღმასრულებელ ბრძანებას ამზადებენ.

გამოცემის თანახმად, დეპარტამენტის შემცირებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ტრამპის ადმინისტრაცია უწყებაში დასაქმებულების ნაწილს ათავისუფლებს, ზოგს კი თავიანთი ნებით წასვლისკენ მოუწოდებს. 

WP ასევე წერს, რომ ილონ მასკის ხელმძღვანელობით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) 20-მა თანამშრომელმა დეპარტამენტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო და თანამშრომლებისა და ხარჯების შემცირებას ისახავენ მიზნად. 

წყაროების თქმით, მოსალოდნელი აღმასრულებელი ბრძანება განათლების დეპარტამენტს არ გააუქმებს, რადგან ორივე პარტიაში არსებობს კონსენსუსი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის უფლებამოსილება კონგრესს აქვს. 

WP წერს, რომ აღმასრულებელი ბრძანება განათლების დეპარტამენტს უწყების პერსონალისა და ფუნქციების შემცირების გეგმის შემუშავებას დაავალებს. გამოცემის წყაროების თქმით, ბრძანების ფარგლებში, სავარაუდოდ, განათლების დეპარტამენტის რიგი ფუნქციები სხვა ფედერალურ დეპარტამენტებს გადაეცემა. 

გამოცემა წერს, რომ ორივე პარტიის წევრების თქმით, კონგრესის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან განათლების დეპარტამენტის გაუქმებას სენატში მარტივ უმრავლესობაზე მეტი, 60 ხმა დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ 7 დემოკრატი სენატორის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

კომენტარები