რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიები, РИА Новости, ТАСС-ი და Интерфакс-ი წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ აფეთქება, რომელსაც რუსეთის მხარეს მებრძოლი სომხური ბატალიონის შემქნელი არმენ სარქსიანი ემსხვერპლა, შესაძლოა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
ინტერფაქსის წყაროს თქმით, გამოძიების პრიორიტეტული ვერსია ძალაუფლების სფეროების გადანაწილებაა.
"წინასწარი მონაცემებით, მან (თვითმკვლელმა) აამოქმედა ასაფეთქებელი დანადგარი, რომელიც თან ჰქონდა. ამოწმებენ ვერსიას, რომ ის სომხეთის მოქალაქეა." - თქვა ინტერფაქსის წყარომ ძალოვანი უწყებებიდან.
ამას გარდა ინტერფაქსი წერს, რომ გამოძიება ჯერაც არ გამორიცხავს აფეთქებასთან უკრაინის კავშირს. რუსული მედიის წყაროს თქმით, თუ ეს დადასტურდება, საქმის მუხლი შეიცვლება.
ტელეგრამ არხი SHOT-ი წერს, რომ ასაფეთქებელი დანადგარი თავდამსხმელს სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული და აამოქმედა მაშინ, როცა სარქსიანი ლიფტიდან გამოდიოდა. SHOT-ი შესაძლო თავდამსხმელს აღწერს როგორვ 45 წლამდე მამაკაცს.
რუსული მედია კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით დამატებით დეტალებს წერს. მათი წყაროს თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აფეთქდა არა თვითნაკეთი ასასფეთქებელი დანადგარი, არამედ МОН-50-ის ტიპის ქვეითსაწინააღდეგო ნაღმი. ამავე წყაროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აფეთქება მოაწყო მამაკაცმა, სომხეთის მოქალაქემ, რომელიც წარსულში სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში იყო მიცემული.
3 თებერვალს მოსკოვში, საცხოვრებელ კომპლექს წითელ იალქნებთან აფეთქება მოხდა. აფეთქებას სომხური ბატალიონის (არბატი) მეთაური და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოქსის ფედერაციის ხელმძღვანელი, არმენ სარქსიანი ემსხვერპლა.
რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია Russia Today წყაროების დაყრდნობით ორ სავარაუდო ვერსიაზე წერდა. პირველის მიხედვით, აფეთქება ბიზნეს გარჩევებს უკავშირდება, მეორე ვერსიის მიხედვით კი თავდასხმა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მოაწყო. პროპაგანდისტული მედიის ცნობით, სარქსიანს რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
როგორც კომერსანტის მასალაშია აღნიშნული, სარქსიანს მოსკოვში ბევრი მტერი ჰყავდა. მაგალითად მოიყვანილია ერთი წლის წინ მომხდარი შემთხვევა, როცა სარქსიანი, მისი ქალიშვილი და დაცვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სკანდალში გაეხვნენ. მაშინ ისინი ჩეჩენ MMA მებრძოლს, რასულ ოჩაევს დაუპირისპირდნენ. საგზაო შემთხვევის შემდეგ ოჩაევმა ემილია სარქსიანის ორი მცველი ტრავმული პისტოლეტით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე დამატებითი ძალებით თავად არმენ სარქსიანი მივიდა.
უკრაინა არმენ სარქისიანს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასა და რუსეთის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სარქსიანს კრიმინალურ ავტორიტეტად და უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო წრის წევრად მოიხსენიებდა. სპეცსამსახურის ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სარქსიანს არბატის ბატალიონის შექმნა დაევალა, რომლის შემადგენლობაშიც "რეციდივისტები და მძიმე დანაშაულებზე გასამართლებულები" შედიოდნენ. ბატალიონი თავდაპირველად დონეცკის ოლქში, ქალაქი ტორეცკის მიმართულებით მოქმედებდნენ, შემდეგ კი რუსეთში, კურსკის ოლქში გადაიყვანეს. არბატი აფხაზი სეპარატისტი ახრა ავიძბას საერთაშორისო ბრიგადა პიატნაშკას შემადგენლობაში შედის.
გარდა ამისა, სარქსიანს ასევე ბრალი ედება ევრომაიდანის დროს დანაშაულის ჩადენაში – კერძოდ, ე.წ. ტიტუშკების ჯგუფის ორგანიზებაში, რომლებიც აქციების მონაწილეებს თავს ესხმოდნენ.