საქართველო-რუსეთი

კოსაჩევი: საქართველოს მიერ PACE-დან დელეგაციის გაწვევა გაგებასა და პატივისცემას იმსახურებს

კონსტანტინ კოსაჩევი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტანტინ კოსაჩევი ქართულ ოცნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) დელეგაციის გამოწვევისთვის კვლავ აქებს.

"საქართველოს პარლამენტმა PACE-დან თავისი ეროვნული დელეგაცია გაიწვია. გადაწყვეტილება იმსახურებს გაგებასაც და პატივისცემასაც." - დაწერა კოსაჩევმა 3 თებერვალს საკუთარ ტელეგრამ არხზე, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას PACE-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.

პოსტის ძირითად ნაწილში კოსაჩევმა გაიმეორა წინადადებები და იდეები, რომლებიც მან 30 იანვარსაც ახსენა.

კოსაჩევმა გააკრიტიკა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებდა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ შესაძლოა ევროსაბჭო დატოვოს და მაგალითად რუსეთის გამოცდილება მოიყვანა.

"ჯერ კიდევ სესიის ფარგლებში საქართველოს ფელეგაციამ ეს მოთხოვნა შეურაცხმყოფელად ჩათვალა. აი, გარდაუვალი ფინალიც, თუნდაც ჯერ კიდევ შუალედური იყოს (ევროპის საბჭოდან გამოსვლაც შესაძლებელია - ვიცით, გაგვიცურავს ამ წყალში)." - დაწერა კოსაჩევმა.

კოსაჩევი კვლავ ირწმუნება, რომ საქართველომ "განვითარების სუვერენული გზა" აირჩია, რაც PACE-ს აშფოთებს.

კომენტარები