რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მოსკოვში აფეთქების შედეგად დაშავებული არმენ სარქსიანი საავადმყოფოში მოკვდა

კრემლის პროპაგანდისტული მედიის ცნობით, მოსკოვში აფეთქების შედეგად დაშავებული არმენ სარქსიანი საავადმყოფოში მოკვდა. ინფორმაცია მედიას ძალოვნებმა დაუდასტურეს.

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის პრეზიდენტისა და ე.წ. სომხური ბატალიონი АрБат-ის შემქმნელის, არმენ სარქსიანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამ-არხების საშუალებით გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ აფეთქების შედეგად სარქსიანი მოკვდა, თუმცა, მოგვიანებით კრემლის რამდენიმე პროპაგანდისტულმა მედიამ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სარქსიანი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი დაცვის თანამშრომელი კი აფეთქებას ემსხვერპლა.

ტელეგრამ-არხი Mash-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის, სერგეი შკრიაბატოვსკი, დარია ქარსელაძე და ოლეგ კასპიროვიჩი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.


უკრაინა არმენ სარქისიანს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასა და რუსეთის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სარქსიანს კრიმინალურ ავტორიტეტად და უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო წრის წევრად მოიხსენიებდა. სპეცსამსახურის ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სარქსიანს АрБат-ის ბატალიონის შექმნა დაევალა, რომლის შემადგენლობაშიც "რეციდივისტები და მძიმე დანაშაულებზე გასამართლებულები" შედიოდნენ. ბატალიონი თავდაპირველად დონეცკის ოლქში, ქალაქი ტორეცკის მიმართულებით მოქმედებდნენ, შემდეგ კი რუსეთში, კურსკის ოლქში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, სარქსიანს ასევე ბრალი ედება ევრომაიდანის დროს დანაშაულის ჩადენაში – კერძოდ, ე.წ. ტიტუშკების ჯგუფის ორგანიზებაში, რომლებიც აქციების მონაწილეებს თავს ესხმოდნენ.

კომენტარები