აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ტერორისტებზე. თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, იერიშის შესახებ თავად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება, რომელიც სომალის მთავრობასთან კოორდინირებული იყო.
პენტაგონის პირველადი შეფასებით, იერიშის შედეგად რამდენიმე ტერორისტი გაანეიტრალეს. პენტაგონმა განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ სამხედრო ოპერაციის სამიზნე ISIS-ის უფროსი დამგეგმავი და ახალწვეულები იყვნენ.
"დარტყმებმა გაანადგურა გამოქვაბულები, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ და მოკლა მრავალი ტერორისტი ისე, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არცერთი მხრივ არ დაშავებულან.
ჩვენს სამხედრო ძალებს ISIS-ის თავდასხმების დამგეგმავი წლებია, მიზანში ჰყავთ, თუმცა ბაიდენმა და მისმა ძმაკაცებმა საკმარისად სწრაფად არ იმოქმედეს, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანათ. მე - კი!
ISIS-ისა და ყველა სხვისთვის, ვინც ამერიკელებს თავს დაესხმება, ერთი მესიჯი მაქვს: ჩვენ თქვენ გიპოვით და მოგკლავთ". - წერს ტრამპი და ბოლო "მესიჯში" მსახიობ ლიამ ნილსონის სიტყვებს (ბრაიან მილსის როლში ფილმიდან მძევალი) ციტირებს.
სომალის პრეზიდენტის, ჰასან შეიხ მოჰამუდის ოფისმა განაცხადა, რომ ოპერაცია ორ ქვეყანას შორის "ექსტრემისტული საფრთხეების შემცირებისთვის, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას აძლიერებს". X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სომალი "მტკიცეა მოკავშირეებთან თანამშრომლობის საკითხში, რათა აღმოიფხვრას საერთაშორისო ტერორიზმი და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული სტაბილურობა".
ცნობისთვის, აშშ-ს იერიშამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე ISIS-ის მიერ შთაგონებული ტერორისტი ნიუ ორლეანში, ახალი წლის აღსანიშნავად შეკრებილ ხალხში მანქანით შევარდა და 14 ადამიანი მოკლა. არმიის ვეტერანმა თავდასხმამდე სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ იგი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მიერ იყო შთაგონებული.





