ვენესუელამ 6 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა. კარაკასში მოლაპარაკებებისთვის შეხვედრა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ და ტრამპის ადმინისტრაციიდან რიჩარდ გრენელმა გამართეს.
ამერიკელი პატიმრების გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში სწორედ ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა. გრენელმა გათავისუფლებული ამერიკელების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ პრეზიდენტ ტრამპს ტელეფონით ესაუბრნენ და მადლობა გადაუხადეს.
უფრო ადრე, თეთრმა სახლმა ვენესუელას მოუწოდა, რომ "ამერიკელი მძევლები" გაეთავისუფლებინა და ამასთან, აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელელი კრიმინალები მიეღო.
შეხვედრის შემდგომ, მადურომ განაცადა, რომ მოლაპარაკებებს "ნოლი დღის წესრიგი" ჰქონდათ და მისი მიზანი აშშ-სთან "ორმხრივი ურთიერთობების ახალი დასაწყისი" იყო.
თუმცა, თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა კარაკასის მოლაპარაკებებამდე განაცხადა, რომ გრენელის ვიზიტი აშშ-ს მხრიდან ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად მადუროს აღიარებას არ გულისხმობდა.
ცნობისთვის, იანვარში კარაკასში რეჟიმის სამართალდამცავებმა, როგორც შემდგომ მათ განაცხადეს, "დაქირავებულ მებრძოლთა" ჯგუფი დააკავეს, მათ შორის, ზემოაღნიშნული 6 ამერიკელი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციამდე, 9 იანვარს, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს დაკავების შემდეგ, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.
ხოლო 18 იანვარს გამოცემა Axios წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა სურს. გამოცემის თანახმად, ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა თქვა, რომ ვენესუელაში ვითარება "მდგრადი" არ არის და მადურო "პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას ანგრევს". მრჩეველმა ხაზი გაუსვა "დევნილების მასობრივ პრობლემებს, აშშ-ში კრიმინალების გაგზავნას" და იმას, რომ "ნავთობის წარმოება შემცირებულია და იქ ჩინელები, რუსები და კუბელები არიან".
ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ ვენესუელა არა სახელმწიფო, არამედ ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციაა.





