ტრამპის ადმინისტრაცია

WP: ტრამპის ელჩი საგანგებო საკითხებში ვენესუელაში მადუროსთან შესახვედრად გაემგზავრა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ელჩი საგანგებო საკითხებში, რიჩარდ გრენელი, 31 იანვარს კარაკასში გაემგზავრა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან შესახვედრად.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Washington Post საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ 2022 წლის შემდეგ ეს პირველი პირდაპირი შეხვედრა იქნება ამერიკელ მაღალჩინოსანსა და მადუროს შორის.

გრენელი ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის პერიოდში, 2017-2021 წლებში გერმანიაში აშშ-ს ელჩის თანამდებობას იკავებდა. ამავე პერიოდში გრენელი აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორიც იყო. 

გავრცელებული ცნობების მიხედვით, გრენელი მადუროსთან ერთად აშშ-დან მიგრანტების დეპორტაციის, კრიმინალური ორგანიზაცია Tren de Aragua-ს წინააღმდეგ თანამშრომლობისა და ენერგოპოლიტიკის საკითხებს განიხილავს.

ინაუგურაციამდე, 9 იანვარს, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს დაკავების შემდეგ, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.

ხოლო 18 იანვარს გამოცემა Axios წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა სურს. გამოცემის თანახმად, ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა თქვა, რომ ვენესუელაში ვითარება "მდგრადი" არ არის და მადურო "პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას ანგრევს". მრჩეველმა ხაზი გაუსვა "დევნილების მასობრივ პრობლემებს, აშშ-ში კრიმინალების გაგზავნას" და იმას, რომ "ნავთობის წარმოება შემცირებულია და იქ ჩინელები, რუსები და კუბელები არიან". 

ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ ვენესუელა არა სახელმწიფო, არამედ ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციაა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციამ 2 აგვისტოს ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა, ხოლო ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობები, რომ მარია კორინა მაჩადო, რომელიც თვეების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე გამოსვლის შემდეგ მადუროს რეჟიმმა დააკავა.

კომენტარები