არაღიარების პოლიტიკა

აღიარებს თუ არა აფხაზეთს სან-მარინო, რომლის საპატიო კონსული საქართველოში კვლავ ივანიშვილია

123rf.com

21 აპრილს სან-მარინოს რესპუბლიკაში, ქვეყნის სოციალისტური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, პირველად ევროპაში, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტოს წარმომადგენელი მიიწვიეს. მაურო მურჯია ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრეებს აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისკენ მოუწოდა.

ამასთან, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დიპლომატიურ გარღვევაზე საუბრობენ. მაისის თვეში მურჯიას სიტყვით გამოსვლა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც ჰქონდა, სადაც განაცხადა, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია და ამის მაგალითად იტალიასა და სან-მარინოში წარმომადგენლობის ქონა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სან-მარინოს საპატიო კონსულის მოვალეობას 2000 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ასრულებს. სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმინისტრი სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის წოდებას დღემდე ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, „სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი."

ხსენებული ინფორმაცია, მათ შორის, განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც საკონსულოს მისამართად მითითებულია ბანკ ქართუს ადგილმდებარეობა (ჭავჭავაძის გამზირი, 39ა), ელ-ფოსტად კი - ასევე ქართუ ჯგუფის მისამართი ([email protected]).

საგულისხმოა ისიც, რომ 2006 წლიდან საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია. ამიას შესახებ ინფორმაცია, მთავრობის ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი.

არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით 27 მაისს ისაუბრა საგარო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემაც. ვაშაკიძის განცხადებით, პრემიერი საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის გატარების წინააღმდეგი იყო და მასთან უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს გახდა:

"დღეს, როდესაც უკვე ეს საჯაროდ ცნობილი გახდა და პრეზიდენტმაც გააჟღერა ამას წინათ, უკვე შემიძლია ამაზე საუბარი, თუმცა, კარგი იქნებოდა, ეს მაინც არ გაჟღერებულიყო. ეს საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისათვის - ასეთი ფაქტების გარეთ გამოტანა, რომ პრემიერ-მინისტრი თვითონ იყო წინააღმდეგი არაღიარების პოლიტიკის გატარებისა საერთაშორისო არენაზე და როდესაც მას ასეთი განწყობა აქვს, როგორ გინდათ თქვენ, რომ შემსრულებლებმა ინტენსიურად იმუშაონ ამ მიმართულებით? და მრავალ სხვა საკითხთან ერთად ერთ-ერთი მთავარი უთანხმოების თემა სწორედ ეს იყო ჩვენს შორის. ძალიან არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და ძალიან თავს ვიკავებდი", - განაცხადა ვაშაკიძემ, რომელმაც თანამდებობა იანვრის თვეში პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.  

კომენტარები