ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპი კვლავ ტარიფებით დაემუქრა BRICS-ის ქვეყნებს, თუ ისინი დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

30 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა BRICS-ის წევრი ქვეყნები, მათ შორის, ბრაზილია, რუსეთი ინდოეთი და ჩინეთი, გააფრთხილა, რომ თუ ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან, იგი მათ წინააღმდეგ 100%-იან ტარიფებს დააწესებს.

"ჩვენ მოვითხოვთ ვალდებულებას ამ, ერთი შეხედვით, მტრული ქვეყნებისგან, რომ ისინი არც ახალი BRICS-ის შექმნას, ან არც სხვა ნებისმიერ ვალუტას მიემხრობიან, რათა ძლიერი ამერიკული დოლარი ჩაანაცვლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 100%-იანი ტარიფების წინაშე აღმოჩნდებიან". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

"აზრი, რომ BRICS-ის ქვეყნები დოლარის მიტოვებას აპირებენ, სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულებულია". - წერდა იგი.

ცნობისთვის, რუსეთსა და ბრაზილიაში პოლიტიკოსებს აქამდე გამოუთქვამთ აზრი, რომ BRICS-მა აშშ-ს დოლარის საპირწონედ საკუთარი ვალუტა უნდა შექმნას. 

ტრამპის თქმით, "შანსი არ არის, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში, ან სადმე სხვაგან,  BRICS ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს, და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას ეცდება, ტარიფებს უნდა მიესალმოს და ამერიკას დაემშვიდობოს!".  

BRICS საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე დაფუძნდა. ეკონომიკური ბლოკის წევრები არიან რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია, ინდონეზია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან მეზობელი ორი ქვეყნის წინააღმდეგ 25%-იან ტარიფს დააწესებს, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის მხრივ არსებული პრობლემების გამო.

ტარიფების მუქარა აშშ-ს პრეზიდენტმა ჩინეთის წინააღმდეგაც გამოიყენა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ აშშ-ში ფენტანილის კონტრაბანდის აღკვეთის მხრივ ჩინეთი საკმარის ძალისხმევას არ დებს. ტრამპი ტარიფებით დაემუქრა დანიასაც, თუ მისი მთავრობა აშშ-სთვის გრენლანდიის დათმობაზე არ დათანხმდებოდა.

მან ასევე ტარიფების მუქარას მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.

პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერებისა და ოჯახების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა.

კომენტარები