აშშ-ს ფიგურული სრიალის ასოციაციის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ვაშინგტონთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა, რამდენიმე ფიგურული მოციგურავე იმყოფებოდა.
გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, თვითმფრინავში ყოფილი მოციგურავეები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვიც იყვნენ, რომლებმაც ფიგურულ სრიალში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვეს.
გამოცემა Reuters-თან საუბრისას წყარომ თქვა, რომ თვითმფრინავში მყოფი 60 მგზავრიდან, სულ მცირე, 15 ადამიანი იყო დაკავშირებული ფიგურულ სრიალთან.
ასოციაციის ინფორმაციით, სპორტსმენები, მწვრთნელები და ოჯახის წევრები კანზასის შტატში ჩატარებული საწვრთნელი ბანაკიდან ბრუნდებოდნენ, რომელიც ფიგურულ სრიალში ეროვნული ჩემპიონატის პარალელურად ტარდებოდა.
"ამ ენით აღუწერელი ტრაგედიით განადგურებულები ვართ". - წერია ასოციაციის განცხადებაში.
რუსული სამთავრობო მედიების, ТАСС-ისა და РИА Новости-ს, თანახმად, თვითმფრინავში რუსი მწვრთნელები და ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ. ამასთან, ТАСС-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში ყოფილი მოციგურავე და სსრკ-ს ფიგურული ჩემპიონატის ბრინჯაოსანი, ინა ვოლიანსკაიაც იყო.
რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ თვითმფრინავზე შესაძლოა შიშკოვასა და ნაუმოვის შვილიც, მაქსიმიც ყოფილიყო, რომელიც კანზასში აშშ-ს ფიგურული სრიალის ჩემპიონატში მონაწილეობდა.
ТАСС წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავში, წინასწარი ინფორმაციით, 8 მოციგურავე და 4 მწვრთნელი იმყოფებოდა.
"თვითმფრინავის ბორტზე, წინასწარი მონაცემებით, იმყოფებოდნენ მოციგურავეები, სპენსერ ლეინი, ჯინა ჰანი, ედი ჩჟოუ, დები ევერლი და ლიდია ლინივგსტონები, ფრანკო აპარისიო, შონ კეი, ანჯელა იანგი, ასევე მწვრთნელები ვადიმ ნაუმოვი, ჟენია შიშკოვა, ინა ვოლონსკაია და ყინულზე ცეკვის კიდევ ერთი მწვრთნელი". - თქვა წყარომ რუსული სამთავრობო მედიის მიხედვით.
აშშ-ში, ვაშინგტონში რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა. შედეგად, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
აშშ-ს არმიასა და American Airline-ზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების მიხედვით, Black Hawk-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენზე 3 ჯარისკაცი, American Airlines-ის თვითმფრინავზე კი 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
სამგზავრო თვითმფრინავი ვაშინგტონში კანზასის ქალაქ ვიჩიტადან მიფრინავდა, სამხედრო ვერტმფრენი კი ვირჯინიაში ფორტ ბელვუარიდან აფრინდა.
მდინარე პოტომაკში ამჟამად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
CBS News-თან საუბრისას პოლიციამ თქვა, რომ ამ ეტაპისთვის მდინარე პოტომაკში 18 ცხედარი იპოვეს. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარიდან ჯერჯერობით არცერთი გადარჩენილი არ ამოუყვანიათ.