შვედეთი

შვედეთში მოკლეს ცნობილი ერაყელი აქტივისტი, რომელმაც რამდენჯერმე დაწვა ყურანი

TT NYHETSBYRAN

სტოკჰოლმის რაიონული სასამართლოს განცხადებით, ერაყელი აქტივისტი სალვან მომიკა სროლისას მოკლეს. 

38 წლის მამაკაცი ცნობილი იყო იმით, რომ წარსულში მან რამდენჯერმე დაწვა ყურანი, რასაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა რამდენიმე ისლამურ ქვეყანაში.

2023 წლის 20 ივლისს ბაღდადში დემონსტრანტები შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ, მომიკას მიერ სტოკჰოლმში დაგეგმილი აქციის წინ, რომელზეც ყურანი უნდა დაეწვათ. მანამდე მან ყურანი ერთ-ერთი მეჩეთის მახლობლადაც დაწვა. 

შვედეთის პოლიციამ მსგავსი დემონსტრაციების ჩატარებაზე, უსაფრთხოების საკითხების გამო, უარი თქვა, თუმცა შემდეგში უზენაესმა სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილებები შეცვალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაცულია ქვეყნის გამოხატვის თავისუფლებით.

მომიკას მიერ ყურანის დაწვას გამოეხმაურა რამდენიმე მუსლიმური ქვეყანა, მათ შორის იყო ერაყი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, იორდანია და მაროკო. ისინი მის ექსტრადიციას ითხოვდნენ. აქტივისტი უსაფრთხოების ოფიცრებმა გააფრთხილეს, რომ ის, შესაძლოა, ექსტრემისტების სამიზნე გამხდარიყო.

მომიკამ წინასწარ განაცხადა, რომ არ სურდა შვედეთის რისკის ქვეშ დაყენება, თუმცა გამოიყენებდა გამოხატვის თავისუფლებას ისლამის კრიტიკისთვის.

პოლიციის განცხადებით, ოთხშაბათს სტოკჰოლმის სიახლოვეს მომხდარი სროლისას მამაკაცი გარდაიცვალა. შვედური ტელეარხი SVT, წყაროების დასახელების გარეშე იუწყება, რომ გარდაცვლილი ადამიანი სალვან მომიკაა.

გასული წლის ოქტომბერში შვედეთმა მომიკას ბინადრობის უფლება ჩამოართვა, თუმცა მისი დეპორტაცია შეჩერდა, რადგან ერაყში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

 

კომენტარები