ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბრიტანეთში არსებული ქონება კი არ უნდა ჩამოვართვათ, უნდა გამოვიყენოთ - ტუიგი ივანიშვილზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარე და ლორდთა პალატის წევრი, დონ ტუიგი რადიო თავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე ესაუბრა.

"ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას. ეს ადამიანები ხშირად ძალიან მდიდრები არიან, და ჩვენ ვიცით, ვის ვგულისხმობთ – ბატონ ივანიშვილს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ". - უთხრა ტუიგმა რადიო თავისუფლებას.

ამასთან, დონ ტუიგის თქმით, ბრიტანეთმა ივანიშვილის ქონება უნდა გამოიყენოს, როგორც ეს ჩამორთმეული რუსული აქტივების შემთხვევაში ხდება.

"მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია – ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ. ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება". - თქვა ტუიგმა.

დონ ტუიგის შეფასებით, ივანიშვილის მსგავსი ადამიანები ბრიტანეთს სიმდიდრის მოსახვეჭად იყენებენ, შემდეგ კი ამ სიმდიდრეს თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ.

"აქ, PACE-ში, დიდი დელეგაცია გვყავს, მეტწილად ახალი წევრებით დაკომპლექტებული, და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან სახლში და მინისტრებსა თუ პარლამენტს ეტყვიან: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად, სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ – და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი". - ამბობს ტუიგი.

გარდა ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტუიგმა აღნიშნა, რომ "პარტია ქართული ოცნება ქართველი ხალხისთვის უფრო მეტად ქართულ კოშმარს წარმოადგენს". მისი თქმით, ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა, თუმცა, არსებობს ამ ძალადობის ამსახველი ფოტოები.

"საქართველოს წარმომადგენლებმა ამ კვირაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში – ახალი არჩევნები არ იქნება, ცვლილებები არ იქნება. გვითხრეს, რომ არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და არ მომხდარა სასტიკი თავდასხმები მათზე, ვინც ქართულ ოცნებას უპირისპირდებოდნენ.

მათ თქვეს, რომ არ ჰქონია ადგილი ძალადობას ხალხის წინააღმდეგ. შეხედეთ ამ ფოტოებს. დალეწილი სახეები და ჩამსხვრეული ძვლები. ადგილი ჰქონდა ძალადობას მათ წინააღმდეგ, ვინც ოცნების ხელისუფლებას ეწინააღმდეგება". - თქვა ტუიგმა.

კომენტარები