საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის (საია), ნონა ქურდოვანიძის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი იურისტები სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზე შესაბამის პირებს ქვეყანაში მიმდინარე ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე, წამების პრაქტიკაზე და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე არსებულ დეტალებს აცნობენ.
"სისხლის სამართლის ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არის სრულიად უკანონო, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ჩვენ ახლა სტრასბურგში სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობთ და მზია ამაღლობელის საქმე არის ერთ-ერთი, რომელსაც ყველა შეხვედრაზე განვიხილავთ და ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი სათქმელი. ჩვენი მიზანია, რომ ვილაპარაკოთ იმ პოლიტიკურ დევნაზე და ანგარიშსწორებაზე, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე, წამების პრაქტიკაზე და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე". - თქვა ქურდოვანიძემ TV პირველის ეთერში.
"ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით სტიკერი გააკრა. დაკავებისას ამაღლობელისთვის პოლიციას არ განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
ამის შემდეგ ამაღლობელი გამოუვეს და რამენიმე წუთში ისევ დააკავეს, როცა აჭარის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გაარტყა. ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.