TikTok-ის აკრძალვა აშშ-ში

TikTok აცხადებს, რომ ტრამპის მხრიდან გარანტიების შემდეგ, აშშ-ში წვდომას აღადგენს

Loic Venance/AFP/Getty Images

მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-მა X-ზე განაცხადა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტის შემდეგ, აშშ-ში მომსახურების მიწოდებას გააგრძელებენ.

"მომსახურების პროვაიდერებთან შეთანხმებით, TikTok წვდომის აღდგენის პროცესშია. მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს საჭირო სიცხადით უზრუნველყოფისთვისა და ჩვენი მომსახურების პროვაიდერებისთვის მიცემული გარანტიისთვის, რომ ისინი 170-ზე მეტი მილიონი ამერიკელისთვის TikTok-ზე წვდომისა და 7 მილიონზე მეტი მცირე ბიზნესისთვის აყვავების საშუალების მიცემისთვის ჯარიმებს არ მიიღებენ". - წერია TikTok-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, 3 საათით ადრე ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ინაუგურაციის შემდეგ, იგი აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რათა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულება დროებით გადაიდოს.

ტრამპმა დაამატა, რომ მისი ბრძანებით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ამასთანავე, ტრამპის თქმით, მას სურს, რომ "TikTok-ის გადასარჩენად" აშშ პლატფორმის 50%-იან წილს დაეუფლოს და "ძველ ან ახალ მფლობელებთან ერთობლივი საქმიანობა შედგეს".

TikTok-ის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტრამპის ნაბიჯი "პირველი შესწორებისა და თვითნებური ცენზურის წინააღმდეგ მტკიცედ დგომას" გამოხატავს. "ჩვენ ვიმუშავებთ პრეზიდენტ ტრამპთან პრობლემის გრძელვადიან მოგვარებაზე, რომლითაც TikTok აშშ-ში დარჩება". - წერია განცხადებაში.


ცნობისთვის, დღეს, 19 იანვარს, აშშ-ში ფედერალური აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok გაითიშა. აპლიკაციის აკრძალვა ოფიციალურად აშშ-ს დროით ღამის 12 საათზე შევიდა ძალაში. 

18 იანვარს კომპანიამ განაცხადა, რომ მომდევნო დღეს აპლიკაცია სრულად გაითიშებოდა, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Apple-ისა და Google-ის მსგავს კომპანიებს გარანტიებს არ მისცემდა, რომ TikTok-ის აკრძალვის შემთხვევაში, მათ არ ექნებოდათ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის ვალდებულება.

ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, გავრცელებული ცნობებით, აშშ-ში TikTok-ზე წვდომა უკვე აღდგენილია.

აშშ-ს კონგრესმა 2024 წლის აპრილში მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც TikTok-ს მშობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა ან არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაციის გათიშვა აერჩია. 

TikTok-მა განაცხადა, რომ ეს "უბრალოდ შეუძლებელი იყო: კომერციულად, ტექნოლოგიურად და ლეგალურად". კომპანიას ეს პოზიცია პლატფორმის გათიშვამდე ეჭირა. 

კომენტარები