ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება ექნებათ. ცვლილება იარაღის შესახებ კანონში შედის.
დოკუმენტის მიხედვით, "კანონპროექტის მიზანია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, მათი მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით, იარაღის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა პირების მსგავსად, მიეცეთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება".
პროექტის ავტორები არიან - გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
"იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება ცესკოს იმ წევრს, რომელიც თავის უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდა უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრისა, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით" - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლება ასევე შეუნარჩუნდებათ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.
ასევე, პირებს, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მინიჭებული აქვთ მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდება და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, "გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.“
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბერში იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე პოლიციის "კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ და "გზის უკანონო გადაკეტვის" გამო ცნო და 2 500 ლარითაც დააჯარიმა.
გარდა ამისა, 24 იანვარს ზუგდიდის სასამართლომ ჯარიმასთან ერთად, იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომლის თქმითაც, "90-იანების მერე არც მინახავს იარაღი, არც მაინტერესებს".