აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კოლუმბიას ტარიფებს აღარ დაუწესებს, რადგან ქვეყნები კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციაზე შეთანხმდნენ. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
26 იანვარს დონალდ ტრამპმა კოლუმბიისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ ტარიფები და სავიზო შეზღუდვები დააწესა მას შემდეგ, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში გაყიდულ ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, რაც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდება.
CNN-ის გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო დათანხმდა მიგრანტების მიღებას, თუმცა მათი რეპატრიაციისთვის ამერიკას პრეზიდენტის თვითმფრინავი შესთავაზა.
თეთრი სახლის მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ კოლუმბიის მთავრობა პრეზიდენტი ტრამპის ყველა პირობას დათანხმდა, მათ შორის, აშშ-დან დეპორტირებული ყველა კოლუმბიელი არალეგალი მიგრანტის უკან, ყველანაირი შეფერხების გარეშე მიღება.
შესაბამისად, კოლუმბიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები ძალაში არ შევა, თუმცა, სავიზო შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდება, რაც არალეგალი მიგრანტების პირველი ნაკადი კოლუმბიაში წარმატებით ჩავა.





