იტალია

იტალიაში ყალბი საბუთების ფლობისთვისა და წარმოებისთვის 19 ქართველი დააკავეს

იტალიაში "ყალბი საბუთების ფლობისთვისა და წარმოებისთვის" საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს, 17-ს კი ბრალი წარუდგინეს

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ქალაქ უდინეს პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს

უდინეს შემოსავლების სამსახურმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბევრმა წარმოშობით ქართველმა ქალმა უწყებას ევროკავშირის საგადასახადო კოდის მისაღებად მიმართა. ყველა მათგანს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდა,  კერძოდ კი, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიტვის საბუთები.

სამართალდამცავთა ცნობით, ამ ყალბი საბუთების მეშვეობით ქალები უდინეს პროვინციაში ევროკავშირის საგადასახადო კოდს იღებდნენ, შემდგომ კი სხვა რეგიონებში სამუშაოდ გადადიოდნენ და ევროკავშირის მოქალაქეთა სამართლებრივი, საგადასახადო და ჯანდაცვის პრივილეგიებით სარგებლობდნენ.

ჩხრეკების შედეგად სამართალდამცავებმა 36 ყალბი დოკუმენტი აღმოაჩინეს. გამოძიების ბოლოს პოლიციამ პორდენონეში 6, ვენეციაში 4, ბოლცანოში 3, პისტოიაში 2, ვარეზეში 1, ბელუნოში 1, ლეჩეში 1 და ლატინაში 1, ჯამში 19 ქალი დააკავა, 17-ის წინააღმდეგ კი საქმე აღძრა.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ორგანიზაცია არსებობს, რომელიც იტალიის საზღვრებს გარეთ ყალბ დოკუმენტებს აწარმოებს და დაახლოებით 600 ევროს ფასად მსურველებს აწვდის. ყალბი დოკუმენტების წარმოების პროცესისა და მწარმოებელთა ვინაობის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს. 

თუკი დადასტურდება, რომ საქართველოს დაკავებული მოქალაქეებს იტალიაში კანონიერი ბინადრობის უფლება არ აქვთ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ. 

კომენტარები