რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი ნავთობის ფასის დაწევით რუსეთზე ზეწოლით შეიძლება დასრულდეს.
კელოგი აღნიშნავს, რომ რუსეთს ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვს, ხოლო ომის დასასრულებლად არასამხედრო გზების განხილვაც არის საჭირო. მისივე თქმით, ტრამპმა დავოსის ფორუმზე ნავთობზე ფასის დაწევა, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზა, სწორედ ამიტომ ახსენა.
"ახლა ნავთობის ფასი, როდესაც Brent-სა ან WTI-ს შეხედავთ, დაახლოებით 70$-ია ბარელზე, რუსეთი ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარს იღებს, რა მოხდება, თუ ეს ფასი $45-მდე ჩამოვა, რაც ფაქტობრივად უზარალო საქმისწარმოების წერტილია? ამიტომ გააკეთა მან [ტრამპმა] კომენტარი, როცა დავოსში ხალხს ელაპარაკებოდა". - თქვა კელოგმა.
კელოგი ხაზს უსვამს, რომ ტრამპი ომს სხვაგვარად უდგება და ეკონომიკას აღიქვამს, როგორც "ომს მშვიდობის დროს". მისივე თქმით, სამხედრო გზით რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდება, არამედ ომის დასასრულებლად დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებების გამოყენება არის საჭირო.
"პრეზიდენტი აქედან გამომდინარეობს, ის ამას ეკონომიკურად უდგება და უდგება დიპლომატიურად, ელაპარაკება ჩრდილოეთკორეელბს და ელაპარაკება ჩინელებს. ასე დავასრულებთ ამას და არა ერთმანეთის დახოცვით, ეს არ იმუშავებს". - თქვა კელოგმა.
კელოგი ამბობს, რომ სამხედრო დანაკარგი რუსეთს ომის დასრულებაში ვერ დაარწმუნებს. მისი თქმით, რუსეთის დამოკიდებულება არის, რომ "მეტი ჯარისკაცი ისროლოს". რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი ამის გათვალისწინებით ბაიდენის პოლიტიკას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ტრამპს განსხვავებულ ვითარებაზე ადაპტირება შეუძლია.
"როდესაც პუტინს შეხედავ, ვერ იტყვი უბრალოდ, შეწყვიტე ხოცვა, რადგან, გულწრფელად, ეს არ არის მათი მენტალიტეტი, ისინი ასე არ აკეთებენ, სხვანაირად უნდა მიუდგე და პრეზიდენტი ამას ერგება, ბაიდენისგან განსხვავებით, რომელმაც გააკეთა კომენტარი, “რამდენი ხანიც იქნება საჭირო, რამდენიც იქნება საჭირო”, ეს იყო კინეტიკური ომი - ამ მთელ სამხედრო აღჭურვილობას მივცემთ და მათ ხოცვას გავაგრძელებთ - ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილებიც არსებობს და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ეს ესმის". - თქვა კელოგმა.
ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ საუდის არაბეთსა და OPEC-ის წევრ ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევას მოსთხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს სთხოვს, აშშ-ში დაგეგმილი საინვესტიციო პაკეტი 600 მილიარდი დოლარიდან 1 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს.
ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას საუდის არაბეთსა და OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირების თხოვნით მიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი და OPEC ნავთობის მაღალი ფასების გამო უკრაინაში მიმდინარე ომზე არიან პასუხისმგებელნი.
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები რუსეთის წინააღმდეგ ვრცელ სანქციების სტრატეგიას ამზადებენ, რათა მომდევნო თვეებში რუსეთ-უკრაინას შორის დიპლომატიურად შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყონ. პარალელურად, ისინი აპირებენ, რომ ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ წნეხი გაზარდონ. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 იანვარს აშშ-მ რუსეთის ენერგოსექტორისა და ნავთობის გადამზიდი ტანკერების ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მძიმე სანქციები გამოაცხადა, რომლის სამიზნეც 180-ზე მეტი ხომალდი, ათეულობით Gazprom Neft-ისა და Surgutneftegas-ის მოვაჭრე და გემების სადაზღვევო კომპანიები არიან.
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის გუნდში ორ ძირითად მიდგომას განიხილავენ რუსეთის მიმართ. წყაროების თქმით, თუკი მომავალი ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ უკრაინის ომის მოგვარება ახლოსაა, პირველი მიდგომა გულისხმობს კეთილი ნების ზომების მიღებას, რომელიც სარგებელს მოუტანს იმ დასანქცირებულ რუსული ნავთობის მწარმოებლებს, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების დადებას შეუწყობენ ხელს.
ხოლო მეორე მიდგომით მომავალი ადმინისტრაცია უკვე არსებულ სანქციებს ახალს დაუმატებს და წნეხს კიდევ უფრო გაზრდის, რათა რუსეთზე უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს. შესაბამისად, გლობალური ნავთობის ბაზრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, თუ რომელ მიდგომას აირჩევს ტრამპი.





