ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი

კრემლის მედია: დე ფაქტო აფხაზ ოპოზიციონერს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა

Dmitry Feoktistov/TASS/Profimedia

კრემლის მედია RT რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ოპოზიციის წარმომადგენელს, ლევან მიქაას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვა

მიქაასთვის რუსეთის მოქალაქეობის შეჩერებაზე ცნობა აფხაზურმა ე.წ. მთავრობის მხარდამჭერმა ტელეგრამ-არხმაც, Рыбарь-მაც გაავრცელა.

მანამდე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მოქალაქეობა 50 წლის პირს შეუჩერდა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი იყო და "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემქმნელი ქმედებები ჩაიდინა" რუსულ და აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ადამიანი აფხაზი დე ფაქტო ოპოზიციონერი, კან კვარჩია იყო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით გარკვევა დაავალა.

მიქაა და კვარჩია ოკუპირებულ აფხაზეთში 2024 წლის ნოემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, რომელთა შედეგადაც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გადადგა და დე ფაქტო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. 

დე ფაქტო ოპოზიცია სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს აპროტესტებდა.

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.

19 ნოემბერს ბჟანია დე ფაქტო ოპოზიციის ზეწოლით თანამდებობიდან გადადგა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის თებერვალში გაიმართება.

2024 წლის აგვისტოში აფხაზური დე ფაქტო ოპოზიციური ტელეგრამ-არხები იტყობინებოდნენ, რომ ბჟანია  რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, დმიტრი კოზაკთან საინვესტიციო ხელშეკრულების მოწინააღმდეგე დე ფაქტო ოპოზიციონერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს განიხილავდა

გარდა ამისა, გასული წლის მარტში რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატებს, დავიდ სანაკოევს, ჯამბოლატ მედოევსა და გარი მულდაროვს. მათ რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აუკრძალეს. ე.წ. დეპუტატები საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის გადახედვაზე საუბრობდნენ.

 

კომენტარები