5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდი ჩატარდა.
შეხვედრას საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, ეუთოს, გაეროს, ევროკავშირისა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რუსულ დელეგაციას კვლავ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან "შემრიგებლური" სიგნალები "პრაქტიკულ განზომილებაში" უნდა გადაითარგმნოს და საჭიროა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დაიწყოს.
"რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ განზომილებაში გადათარგმნის, მათი კონკრეტულ ნაბიჯებად გამყარებისა და განვითარების მნიშვნელობას, რაც, მათ შორის, მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული გარანტიების თავის თავზე აღებას და ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, მათი შემდგომი დემარკაციით". - წერია განცხადებაში.
რუსეთის მტკიცებით, მათი ეს მოთხოვნები მეორე ფრონტის გახსნისა და გლობალური ომის პარტიის შესახებ ქართული ოცნების ნარატივით საბუთდება, რომლის თანახმადაც შიდა და გარე ძალები საქართველოს რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას სთხოვენ. ამასთან, რუსეთი საქართველოს კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩანაწერის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
"აღნიშნული ამოცანების აქტუალურობა განპირობებულია ოფიციალური თბილისის აღიარებით, რომ საქართველოშივე და მის საზღვრებს გარეთ არსებობენ ძალები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნის გეგმებს ახორციელებენ და ასევე საქართველოს კონსტიტუციაში NATO-სა და EU-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ არსებული დოქტრინული ჩანაწერის რეგულარული დასტურით, რაც ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტის შესაბამისად შენებით გრძელდება". - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."