ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეუთოს ვენის მექანიზმის ფარგლებში წერილობითი ინფორმაცია გააგზავნა. საიამ ყურადღება რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობის გამოძიების არაეფექტურობაზე გაამახვილა.
"შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დღემდე არ ჩანს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ეფექტიანი გამოძიების ნიშნები და არც პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მომხდარა, როგორც 2024 წლის აპრილი-მაისის, ასევე 28 ნოემბრის შემდგომ პროტესტთან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულებების მიუხედავად, ეს ინციდენტები გამოეძიებინა და შედეგები საზოგადოებისთვის ეცნობებინა, არ ჩანს, რომ არ გამოძიებას რაიმე პროგრესი აქვს [...] სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე იმ დანაშაულებისთვის სწორი კვალიფიკაცია არ მიუცია, რაც მოხდა და გამოძიება წამების მუხლით არ მიმდინარეობს". - თქვა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
საია ეუთოსგან ითხოვს, რომ საქართველოსთან მიმართებით, მოსკოვის მექანიზმიც აამოქმედოს.
"საია მოითხოვს, რომ იმ სიტუაციის შეფასებისთვის, რაც საქართველოშია, ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ამოქმედდეს, ეს ამ დოკუმენტაციის უფრო სხვა ტიპის მოკვლევაა - ამ საკითხებზე საერთაშორისო მოკვლევა უფრო სიღრმისეულადაა შესაძლებელი. იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული იყო ძალა, რომელიც წამებას უთანაბრდებოდა". - თქვა ქურდოვანიძემ.
დეკემბერში ეუთოს წევრმა 38-მა ქვეყანამ საქართველოს შესახებ ვენის მექანიზმი გაააქტიურა.
საფრანგეთმა საქართველოს მთავრობას კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები.





