რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

FT-სთან უკრაინელი მაღალჩინოსნები 50 000-მდე ევროპელი სამშვიდობოს გაგზავნის შანსზე საუბრობენ

Financial Times-ი წერს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ განაახლა ინტერესი იდეის მიმართ, რომელიც გასულ წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა წამოჭრა. მაშინ უკრაინაში სამხედროების განთავსება ძალიან სარისკო სვლად ჩაითვალა. 

გამოცემა წერს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, განახლდა საუბარი, თუ რა ფორმითაა შესაძლებელი უკრაინაში დასავლეთის ძალების, განსაკუთრებით კი ევროპელი სამხედროების განთავსება.

აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ თქვა, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და რუსეთის შესაკავებლად საჭირო იქნება, სულ მცირე, 200 000 ევროპელი ჯარისკაცი.

როგორც Financial Times-ი საკუთარ მასალაში წერს, 200 000 სამხედრო არარეალური რაოდენობაა, თუმცა მათ წყაროებს, უკრაინელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც კიევსა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებულ მოლაპარაკებებში არიან ჩართული, სჯერათ, 40 000-50 000 უცხოელი სამხედროს 1 000-კილომეტრიან ფრონტზე განთავსება შესაძლებელი იქნება.

FT-ს ცნობით, ამ საკითხზე ევროპელი მოკავშირეების საუბრები უკვე მიმდინარეობს. ამავე საკითხზე ისაუბრებენ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე 3 თებერვლის ღონისძიებაზე.

FT წერს, რომ ჯერჯერობით იდეას მხარს უჭერენ ბალტიის ქვეყნები, თუ მისიაში სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ მონაწილეობას. პოლონეთმა უკრაინაში სამხედროების გაგზავნა გამორიცხა. მათი პოზიციის მიხედვით, უკრაინაში განთავსებული სამხედროები არ უნდა იყვნენ NATO-ს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან.

ამას გარდა FT წერს, რომ თუ მაკრონის იდეის ფარგლებში სამხედროების გაგზავნა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, შეიარაღების შესაკეთებლად და ბელარუსის საზღვრის საპატრულოდ განიხილებოდა, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ საუბარი შეიცვალა. ამჟამად ევროპელი სამხედროების სამშვიდობო ეგიდით გაგზავნაზე ფიქრობენ.

მისიას ამოქმედების შემთხვევაში სამი მიზანი ექნებოდა: უკრაინის დარწმუნება, რომ დასავლეთის მხარდაჭერა გააჩნიათ, რუსეთის ხელახალი თავდასხმის შეკავება და აშშ-სთვის ჩვენება, რომ ევროპა უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის მონდომებული იქნება.

FT ესაუბრა კამილ გრანდს, NATO-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც ახლა ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა წარმომადგენელია. მისი თქმით, მსგავსი ძალა იქნება საკმარისად დიდი იმისთვის, რომ რუსეთისთვის მარტივი სამიზნე და გამოსაცდელი არ გახდეს. მისივე თქმით, მსგავსი მისია შესაძლოა შედგებოდეს 40 000 სამხედროსგან, რომლებიც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების, ამას გარდა ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების დახმარებით შეიქმნება. გრანდმა თქვა, რომ მსგავსი მისიის გაგზავნის შემთხვევაში, NATO-ს როლი მინიმუმამდე იქნება შენარჩუნებული, რათა რუსეთთან ესკალაცია არ მოხდეს.

თუმცა, FT ხაზს უსვამს, რომ მსგავსი სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა სავარაუდოდ არ მოხდება, რადგან რუსეთი წინააღმდეგი იქნება. ასევე გამოცემაში არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა მომავალში დადებული შეთანხმება დაარღვიოს.

ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნების მთავრობებმა სამხედროების გაგზავნა რომც გადაწყვიტონ, შესაძლოა ისინი საკუთარი პარლამენტებისა და ამომრჩევლების წინააღმდეგობას შეეჩეხონ. FT არც იმას გამორიცხავს, რომ აშშ-მ ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე უარი თქვას.

 

კომენტარები