თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აქციაზე დაკავებული 25 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარემ სხდომაზე ხომერიკის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც რეჟიმის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატის განცხადებით, დავით ხომერიკი, ბრალს არ აღიარებს.
"წარდგენილი იყო სასულიერო პირის დახასიათება დავით ხომერიკის მისამართით, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა, არც ის რომ საქმეში არ არსებობდა ნეიტრალური მტკიცებულებები, არც ის რომ არ არსებობდა კონკრეტულად დავით ხომერიკის მისამართით მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების ან სხვა საქმე, რაც შემდგომში გამოძიებას, ან საქმის გამოკვლევას ხელს შეუშლიდა.
მიუხედავად ამისა, ცალსახად და უაპელაციოდ დაეთანხმა პროკურორ ვაჟა თოდუას შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, ისე რომ სათათბიროდაც არ გასულა.
დავით ხომერიკი ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ იმ პოლიტიკური დაკავებების სერიის ერთ-ერთი მონაწილეა და დასჯის ობიექტი, როგორც დანარჩენები", - თქვა ხომერიკის ადვოკატმა ანა გახოკიძემ.
25 წლის დავით ხომერიკი თამარაშვილის ქუჩაზე 3 დეკემბერს დააკავეს. რეჟიმი მას აფეთქების მომზადებას ედავება, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





