აშშ-პანამა

პანამის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს: პანამის არხი არის და დარჩება ჩვენს საკუთრებაში

Photo/Matias Delacroix / The Associated Press

პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები პანამის არხის დაბრუნებას აპირებს. 

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პანამის პრეზიდენტი წერს, რომ "პანამის რესპუბლიკისა და მისი ხალხის სახელით სრულად უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვებს".

"ვიმეორებ იმას, რაც ჩემი გზავნილის დროს ვთქვი 22 დეკემბერს: არხი არის და დარჩება პანამის საკუთრებაში და მისი მართვა პანამის კონტროლქვეშ გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს მისი მუდმივი ნეიტრალიტეტის პატივისცემას" - დაწერა მულინომ.

პანამის პრეზიდენტის თქმით, არ არსებობს არცერთი სხვა ქვეყანა, რომელიც ერევა არხის მართვაში.

"დიალოგი ყოველთვის არის გზა საკითხების გასარკვევად, თუმცა არა ჩვენი უფლებების, სუვერენიტეტისა და არხის საკუთრების შელახვის გზით" - აღნიშნულია განცხადებაში.

ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვის დროს თქვა, რომ პანამამ დაარღვია აშშ-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა.

ტრამპის თქმით, "ამერიკულ გემებს მძიმედ ზედმეტს ახდევინებენ და სამართლიანად არ ეპყრობიან არანაირი გზით, ფორმითა და კუთხით, და ეს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებსაც მოიცავს."

"პანამის არხი ჩინეთისთვის არ მიგვიცია, ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ". - თქვა აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა.

კომენტარები