აშშ-პანამა

პანამის არხი უარყოფს აშშ-ს ცნობას, რომ არხში აშშ-ს მთავრობის გემებს უფასოდ გაატარებენ

ლიბერიული ბალკერი NSU Challenger პანამის არხში, 19 აპრილი, 2023
REUTERS/Aris Martinez

პანამის არხის ადმინისტრაციამ 5 თებერვალს უარყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ ამერიკის მთავრობის ხომალდები არხის გავლას გადასახადების გადახდის გარეშე შეძლებენ.

არხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადასახადებისა და არხის გავლის უფლების მხრივ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და ადმინისტრაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ განცხადებას უშუალოდ აშშ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ ავრცელებენ.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პანამის მთავრობა არხში აშშ-ს მთავრობის ხომალდების გადასახადების გადახდის გარეშე გატარებაზე დათანხმდა.

"სრული პასუხისმგებლობით, პანამის არხის ადმინისტრაცია, როგორც უკვე მივანიშნეთ, თანახმაა, დაამყაროს დიალოგი შესაბამის ამერიკელ მაღალჩინოსნებთან, ხსენებული ქვეყნიდან ომიანობის პერიოდის ხომალდების ტრანზიტთან დაკავშირებით". - განაცხადა პანამის არხის ადმინისტრაციამ.

3 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პანამაში გამართული ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა გადაიჭრას პანამის არხის პორტებზე ჩინური კომპანიების კონტროლის საკითხი.

Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში რუბიოს ვიზიტის დროს აშშ-სა და პანამას პროგრესი ჰქონდათ მიგრაციისა და ბიზნესის საკითხებზე, თუმცა, ვერ გამონახეს საერთო პოზიცია პანამის არხის შესახებ. პანამის პრეზიდენტმა ხოსე მულინომ თქვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი არხთან დაკავშირებით განხილვის საგანი არ არის.

რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ, მულინომ ასევე გამოაცხადა, რომ ივლისში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფართოვდება, რათა პანამის აეროპორტის მეშვეობით დარიენის ნაპრალიდან აშშ-ს ხარჯზე ვენესუელელი, კოლუმბიელი და ეკვადორელი მიგრანტების საკუთარ ქვეყნებში რეპატრიაცია მოხდეს, სანამ ისინი აშშ-მექსიკის საზღვარს მიაღწევენ.

Reuters-ის ცნობით, მულინომ ასევე მზადყოფნა გამოხატა, რომ გადაიხედოს პანამაში ზოგიერთი კომპანიების საქმიანობა, მათ შორის, მთავარ ჰონგ-კონგურ CK Hutchinson Holdings-თან, რომელიც 25-წლიან შეთანხმებას ითვალისწინებს.

ამასთანავე, მულინოს თქმით, აღარ განახლდება ზოგადი შეთანხმება პანამასა და ჩინეთს შორის, რომ ქვეყანამ წვლილი შეიტანოს ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტში, რის ფარგლებშიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩინეთმა პანამაში ინვესტიციები გაზარდა. მულინომ ჩინეთთან დადებული შეთანხმების ნაადრევად შეწყვეტის შესაძლებლობაც განიხილა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარსულში არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენება პანამაზე კონტროლის დასამყარებლად.

პრეზიდენტმა ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პანამის არხს "უკან დაიბრუნებს", რადგან, მისი თქმით, პანამამ აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია, რომელიც პანამის არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა.

მარკო რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილი, იყიდოს გრენლანდია და დაიბრუნოს კონტროლი პანამის არხზე ლეგიტიმური ეროვნული ინტერესებიდან და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარეობს.


პანამის არხს თავად პანამა აკონტროლებს, თუმცა არხის ორივე მხარეს არსებული ორი პორტი ჰონგ-კონგური კომპანია Hutchison Ports PPC-ის კონტროლქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ Hutchison და მისი მშობელი კომპანია CK Hutchison Holdings ჩინეთის მთავრობის მფლობელობაში არ არიან, ისინი ექვემდებარებიან ეროვნული უსაფრთხოების კანონს, რომელიც ჩინეთმა ჰონგ-კონგში 2020 წელს შემოიღო.

აშშ-მ პანამის არხი 1904-1914 წლებში ააშენა მას შემდეგ, რაც 1903 წელს პანამას კოლუმბიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა. პანამასთან დადებული შეთანხმებით, არხის ზონა შეიქმნა, რომელიც აშშ-ს კონტროლქვეშ უნდა ყოფილიყო, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ პანამის რესპუბლიკისთვის არხის გადაცემის გადაწყვეტილება აშშ-ს 39-ე პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა მიიღო.

1977 წელს ხელმოწერილი ტორიხოს-კარტერის ხელშეკრულებით, არხის პანამის კონტროლქვეშ გადასვლის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო და 1999 წლის 31 დეკემბერს სრულად გადაცემით დასრულდა.

შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, კარტერის პოზიცია იყო, რომ არხის გადაცემა პანამის სუვერენიტეტის პატივისცემისა და ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო. ცნობისთვის, ტორიხოს-კარტერის შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს აქვს უფლება, არხის მართვაში ჩაერიოს, თუკი მისი ნეიტრალიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კომენტარები