ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ გაგრაში მომიტინგეებმა რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს

RESPUBLICA

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ოპოზიციის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ადგურ არძინბას შტაბის აგიტატორზე თავდასხმის გამო მომიტინგეებმა გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური ხაგუშის გადადგომა მოითხოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი RESPUBLICA ავრცელებდა.

ასევე RESPUBLICA-ს ცნობით, მარიონეტული რეჟიმის პრემიერმინისტრის  ე.წ. მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თხოვნით, მომიტინგეები დაიშალნენ, ხაგუშის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება კი ხვალ გადაიხედება. 

აფხაზური ტელეგრამ-არხები ავრცელებენ ცნობას, რომ 19 იანვარს ღამით ოკუპირებული გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური ხაგუში დაცვის თანხლებით დე ფაქტო ოპოზიციის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ადგურ არძინბას შტაბის აგიტატორს, მიხაილ გოლოვინს თავს დაესხა. 

ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ხაგუშმა და მისმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თანმხლებმა დაცვამ გოლოვინს არძინბას მხარდაჭერის გამო სცემეს და მას და მის ოჯახს  რუსული წარმომავლობის საფუძველზე ემუქრებოდნენ. 

მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ ხაგუში გოლოვინის მშობლებზე ზეწოლას ცდილობდა, რომ მათ შემთხევა უარეყო. ამასთან, ტელეგრამ-არხებში გამოჩნდა მიხაილ გოლოვინის მამის, არტურ გოლოვინის ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ მის შვილზე თავდასხმის ცნობები მცდარია.

თუმცა, მიხაილ გოლოვინმა მამამისის განცხადება უარყო. მისი თქმით, დაიჭირეს და ჰკითხეს, უჭერდა თუ არა მხარს ადგურ არძინბას, მას შემდეგ კი, რაც ეს დაადასტურა, დაარტყეს. 

ოკუპირებული გაგრის ე.წ. ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა და ცნობების სიმცდარის დადგენის შემთხვევაში დე ფაქტო ოპოზიციის კანდიდატების წინასაარჩევნო შტატებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. მარიონეტული რეჟიმის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. პრეზიდენტობის 5 კანდიდატი დაარეგისტრირა:

  • ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრი გუნბა;
  • ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის ე.წ. ყოფილი მინისტრი და დე ფაქტო ოპოზიციის ლიდერი, ადგურ არძინბა;
  • რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი, ოლეგ ბარციცი;
  • ე.წ. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, რობერტ არშბა;
  • "შავი ზღვის განვითარების" ბანკის თავმჯდომარე, ადგურ ხურხუმალი.

კომენტარები