TikTok

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, TikTok-ის აკრძალვა კონსტიტუციას არ არღვევს

GETTY IMAGES

აშშ-ს უზნეაესმა სასამართლომ TikTok-ის სარჩელი უარყო და დაადგინა, რომ კანონპროექტი, რომლითაც ს-აპლიკაცია TikTok 19 იანვრამდე გაუსხვისებლობის შემთხვევაში აიკრძალება, კონსტიტუციას არ არღვევს

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ კონგრესის კანონპროექტი სიტყვის თავისუფლების შესახებ აშშ-ს კონსტიტუციის პირველ შესწორებას არ არღვევს.

სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ TikTok 170 მილიონზე მეტ ამერიკელს თვითგამოხატვისა და ჩართულობის საშუალებას აწვდის და საზოგადოების წყაროს წარმოადგენს, თუმცა, დასკვნის თანახმად, საქმის გადაწყვეტაში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კონგრესის შეშფოთებებს პრიორიტეტი ენიჭება.

"ეჭვგარეშეა, რომ 170 მილიონზე მეტი ამერიკელისთვის, TikTok თვითგამოხატვისთვის გამორჩეულ და ფართო საშუალებას, ჩართულობის საშუალებასა და საზოგადოების წყაროს აწვდის. [...] თუმცა, კონგრესმა დაადგინა, რომ TikTok-ის მონაცემთა შეგროვების პრაქტიკასთან და უცხოურ მეტოქესთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მისი საფუძვლიანი შეშფოთებების მოსაგვარებლად გასხვისება აუცილებელია". - წერია სასამართლოს დასკვნაში. 

კანონპროექტთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ აკრძალვის აღსრულებას მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაუთმობს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ილაპარაკა.

"პრეზიდენტ ბაიდენის პოზიცია TikTok-ის შესახებ თვეების განმავლობაში არის ნათელი, მათ შორის იმ დროიდან, როდესაც კონგრესმა მას კანონპროექტი მასშტაბურად, ორპარტიულად გაუგზავნა: TikTok ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამერიკელებისთვის, მაგრამ უბრალოდ ამერიკული მფლობელობის ან სხვა მფლობელობის ქვეშ, რომელიც პასუხობს კონგრესის მიერ ამ კანონით დასახელებულ შეშფოთებებს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. [...] დროის ფაქტის გათვალისწინებით, ეს ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ კანონის აღსრულებისთვის საჭირო ქმედებები ებარება შემდეგ ადმინისტრაციას, რომელიც თანამდებობას ორშაბათს იკავებს". - თქვა ჟან-პიერმა. 

ამასთან, CNN-თან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას ის მიიღებს, თუმცა, არ დაუზუსტებია, რის გაკეთებას აპირებს. 

"საბოლოო ჯამში ჩემი გადასაწყვეტია, ამიტომ ნახავთ, რასაც გავაკეთებ. [...] კონგრესმა გადაწყვეტილება მომანიჭა, ამიტომ გადაწყვეტილებას მივიღებ". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა გამოცემასთან საუბრისას დაადასტურა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან ისაუბრა და, მათ შორის, TikTok-ის საკითხიც განიხილა. 

თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ტრამპს აქამდე TikTok-ის აკრძალვაზე ულაპარაკია. 

"პრეზიდენტმა ტრამპმა განსაზღვრა, რომ TikTok კონკრეტულ შეშფოთებებს იწვევს და აღნიშნა, რომ პლატფორმა "თავისი მომხმარებლებისგან დიდი ოდენობით ინფორმაციას ავტომატურად მოიპოვებს და ჩინეთის მთავრობის ინტერესების წინ წაწევისთვის არის მოწყვლადი". - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის, 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციაზე TikTok-ის გენერალური დირექტორი, შოუ ჩიუ, სხვა ტექნოლოგიური კომპანიების გენდირექტორებთან ერთად, არის მიწვეული. 

აშშ-ში უზენაესი სასამართლო განიხილავდა, თუ რამდენად კონსტიტუციურია კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება პლატფორმა TikTok, თუკი მისი მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აშშ-ში საკუთარ განყოფილებას 19 იანვრისთვის არ გაყიდის.

სასამართლომ კანონი ძალაში დატოვა, როგორც ეს ეს ქვედა ინსტანციის სასამართლომ წინა თვეში გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვამდე რამდენიმე დღე არის დარჩენილი.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ აშშ-ში TikTok-ის განყოფილება ილონ მასკმა შეისყიდოს, თუკი კომპანია ვერ შეძლებს, აპლიკაციის აკრძალვის კანონპროექტი წარმატებით გაასაჩივროს.

Bloomberg-ის ცნობით, ჩინელ მაღალჩინოსნებს ურჩევნიათ, რომ TikTok მშობელი კომპანია ByteDance Ltd.-ს მფლობელობაში დარჩეს, თუმცა მათ უკვე დაიწყეს სათადარიგო გეგმის განხილვა იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს.

ამ გეგმის ფარგლებში, რაც Bloomberg-ის ცნობით, ზოგადად ჩინეთში დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის ნაწილია, ჩინეთის მთავრობისთვის პოტენციური მაღალი დონის გარიგება ტრამპის უახლოეს მოკავშირესთან გარკვეული თვალსაზრისით მიმზიდველი ჩანს. Bloomberg-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას იმაზე, გაიყიდება თუ არა TikTok-ის აშშ-ს ფილიალი, ჩინეთის მთავრობა მიიღებს.

კომენტარები