TikTok

აშშ-ში TikTok გაითიშა

აშშ-ში, ფედერალური აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok გაითიშა. აპლიკაციის აკრძალვა ოფიციალურად აშშ-ს დროით ღამის 12 საათზე შევიდა ძალაში. 

აპლიკაცია ხელმისაწვდომი აღარაა Apple-ის iOS App Store-ზე და Google-ის Play Store-ზე. 

"კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, აშშ-ში დღეს ამოქმედდა. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამჯერად TikTok-ს ვერ მოიხმართ. ჩვენ გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის საკითხზე, როგორც კი ის თანამდებობას დაიკავებს. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან". - წერია შეტყობინებაში, რომელიც მომხმარებლის მიერ აპლიკაციის გახსნის დროს ჩნდება. 

გუშინ, 18 იანვარს კომპანიამ განაცხადა, რომ მომდევნო დღეს აპლიკაცია სრულად გაითიშებოდა, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Apple-ისა და Google-ის მსგავს კომპანიებს გარანტიებს არ მისცემდა, რომ TikTok-ის აკრძალვის შემთხვევაში, მათ არ ექნებოდათ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის ვალდებულება.

ამასთან, მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 იანვარს NBC News-თან საუბრისას თქვა, რომ იგი, დიდი ალბათობით, TikTok-ს 90 დღეს მისცემდა, რათა თავიდან აერიდებინა აკრძალვა აშშ-ს მასშტაბით. 

ტრამპმა განაცხადა, რომ მას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა განიხილავს TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანიისთვის 90-დღიანი ვადის მიცემას, რათა პლატფორმა არაჩინურ კომპანიას მიჰყიდოს.

აშშ-ს კონგრესმა 2024 წლის აპრილში მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც TikTok-ს მშობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა ან არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაციის გათიშვა აერჩია. 

TikTok-მა განაცხადა, რომ ეს "უბრალოდ შეუძლებელი იყო: კომერციულად, ტექნოლოგიურად და ლეგალურად". კომპანიას ეს პოზიცია პლატფორმის გათიშვამდე ეჭირა. 

კომენტარები