სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი სომხეთში, სერგეი კოპირნიკი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. სამინისტროს ცნობით, ამ ნაბიჯის მიზეზი 12 იანვარს Rossiya 1-ის არხის ეთერში "რესპუბლიკის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ნარატივები" იყო.
სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ წამყვანის, დმიტრი კისელიოვის რომელი სიტყვები იყო მიმართული სომხეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, გასულ ეთერში საუბარი იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაზე. კისელიოვის მტკიცებით, სომხეთი "სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში საკუთარ ვალდებულებებს" უგულებელყოფს და მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მოუწოდა, ზანგეზურის დერეფანი გახსნას.
ზანგეზურის დერეფნის პროექტი, რომლის შესრულებასაც ბაქო რამდენიმე წელია ითხოვს, ითვალისწინებდა აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, აქედან კი თურქეთთან დაკავშირებას. გზა სომხეთის სიუნიქისა და ირანის საზღვარზე უნდა გასულიყო. აზერბაიჯანს სურდა, რომ ამ გზაზე სომხეთს გადატანილი ტვირთები არ გაეკონტროლებინა, რასაც ერევანში საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად აღიქვამდნენ.
კისელიოვმა ასევე თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის სომხური პროექტი "მსოფლიოს გზაჯვარედინი" აზერბაიჯანისთვის მიუღებელია, რადგან რთულ მთიან რეგიონში გზების დაგების საჭიროებას მოიცავს.