წყალქვეშა კაბელების დაზიანება ბალტიის ზღვაში

ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანების შემდეგ, NATO რეგიონში გემებსა და დრონებს განათავსებს

სამხედრო-საზღვაო ძალების გემები Northern Coasts 2023 წვრთნების დროს ბალტიის ზღვაში, 18 სექტემბერი, 2023
REUTERS/Janis Laizans/File Photo

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 14 იანვარს განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნები ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელებზე თავდასხმების აღკვეთისა და მსგავსი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, რეგიონში უსაფრთხოებას გაზრდიან.

მარკ რუტემ განაცხადა, რომ NATO ბალტიის ზღვაში პროგრამა Baltic Sentry-ს იწყებს, რაც რეგიონში სხვადასხვა საშუალები, მათ შორის, საესკადრო ნაღმოსანი გემების, საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავისა და "საზღვაო დრონების მცირე ზომის ფლოტის", განთავსებას გულისხმობს.

Politico-ს ცნობით, NATO-ს ლიდერები ჰელსინკიში იმყოფებიან, რათა განიხილონ ალიანსის პასუხი ბალტიის ზღვაში მომხდარ საბოტაჟის შემთხვევებზე, რომლის ფარგლებშიც ენერგო და სატელეკომუნიკაციო კაბელები დაზიანდა. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს წარსულში ამ შემთხვევებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთზე აქვთ დაკისრებული.

რუტეს თქმით, NATO-ს მცდელობები რეგიონში მეთვალყურეობის გაძლიერებასა და წევრი ქვეყნების ეროვნული დაზვერვის ინტეგრაციას გულისხმობს "ყოვლისმომცველი საფრთხის გამოვლენა გამოაშკარავებისთვის".

"გემების კაპიტნებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურისადმი პოტენციურ საფრთხეებს შედეგები მოჰყვება, მათ შორის გემზე ასვლით, ჩამორთმევითა და დაკავებით". - თქვა რუტემ.


26 დეკემბერს ფინეთმა ბალტიის ზღვაში ნავთობის გადამზიდი ტანკერი Eagle S დააკავა, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ეჭვობენ, რომ გემმა ღუზის ზღვის ფსკერზე გათრევით წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა.

მოგვიანებით, ფინეთის პოლიციამ ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა ღუზა, რომელმაც დიდი ალბათობით, წყალქვეშა ელექტრო და ტელეკომუნიკაციის კაბელები დააზიანა.

გამოძიების უფროსმა, რისტო ლოიმ Reuters-ს განუცხადა, რომ სანამ ფინეთი ხომალდს დააკავებდა, არსებობდა საფრთხე, რომ ის მეორე ელექტროსადენ Estlink 1-ს და ასევე BalticConnector-ის ბუნებრივი აირის მილსადენს დააზიანებდა.

"იქნებოდა თითქმის მყისიერი საფრთხე, რომ შესაძლოა დაზიანებულიყო სხვა კაბელები ან მილსადენები, რომლებიც ჩვენს კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურასთანაა კავშირში". - თქვა მან.

ლოის თქმით, ამ დროისთვის ეკიპაჟის მე-9 წევრიც დაამატეს ეჭვმიტანილების სიაში და მას მოგზაურობა აუკრძალეს. ფინეთმა მანამდე განაცხადა, რომ ეკიპაჟის 24 წევრიდან რვას მოგზაურობას უკრძალავდნენ.

ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგება, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ხოლო გემის კაპიტანი ასევე საქართველოს მოქალაქე, დავით ვადაჭკორიაა.

ვადაჭკორიამ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "პასუხი ყველაფერს მოგვიანებით გაეცემა". მისი თქმით, "გამოძიება კვლავ მიმდინარეობს" და დაამატა, რომ შემთხვევა "ჩვეულებრივი საზღვაო ინციდენტი იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ პოლიციასთან კარგად ვთანამშრომლობთ".

გამოძიების ეროვნული ბიუროს გამოძიების ხელმძღვანელის, სამი პაილას თქმით, Eagle S-ის ეკიპაჟის ზოგიერთი წევრი ეჭვმიტანილია, ზოგი თვითმხილველია, ზოგის სტატუსი კი გაურკვეველია. ამასთანავე, 3 იანვარს ფინეთის სასამართლომ უარყო ტანკერის გაშვების მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ მისი დაკავება ძალაში რჩება.

ამას გარდა, ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის, Estlink 2-ის დაზიანებასთან ერთად, მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ გემმა რამდენიმე წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელიც დააზიანა, რომელთაგან ორს ტელეკომუნიკაციების კომპანია, Elisa ფლობდა, ერთს - ჩინური ფირმა CITIC Telecom-ი, ერთს კი ფინეთის სახელმწიფო კომპანია, Cinia. 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა. 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოცემა Lloyd's List-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულ კომპანიას, Caravella-ს ეკუთვნის და კომპანიის ფლოტის ერთადერთ გემს წარმოადგენს.

რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომელთა ერთადერთ მიზანს სანქცირებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობის გადატანა წარმოადგენს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ. 

გასულ თვეში ბალტიის ზღვაში ასევე დაზიანდა ორი ტელეკომუნიკაციის კაბელი. მაშინ ეჭვები ჩინურმა ხომალდმა Yi Peng 3-მა გამოიწვია, რომელიც რუსული პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ორივე დაზიანებულ წყალქვეშა კაბელთან ახლოს გაცურა. დაზვერვის ღია წყაროების ექსპერტების ცნობით, მომხდარის შემდეგ სატვირთო გემს დანიის საზღვაო ძალები აედევნა.

კომენტარები