ოკუპირებული ხერსონის თვითგამოცხადებული გუბერნატორის, ვლადიმირ სალდოს თქმით, ხერსონის ადმინისტრაცია მზად არის მიიღოს ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებული აშშ-ს მოქალაქეები.
"მიუხედავად აშშ-ს ღიად ანტირუსული გაწყობისა, ჩვენ მშვენივრად ვხვდებით, რომ სტიქია არავის არჩევს და ხანძრის შედეგად კალიფორნიაში მრავალი ადამიანი სახლის გარეშე დარჩა. ჩვენი რეგიონი მზად არის მიიღოს აშშ-ს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სახლისა და შემოსავლის გარეშე დარჩა". – თქვა ხერსონის ე.წ. გუბერნატორმა.
მარიონეტული რეჟიმის ლიდერს მხოლოდ ერთი პირობა აქვს:
"რა თქმა უნდა ვსაუბრობ იმათზე, ვინსაც არ დაუფინანსებია უკრაინის შეიარაღებული ძალები და მხარს არ უჭერს კიევის მოქმედ რეჟიმს".
სალდო აზუსტებს, რომ თანხმობის შემთხვევაში კალიფორნიიდან ევაკუირებულებს საწყის ეტაპზე დროებითი განთავსების პუნქტებში დაასახლებენ.
სალდო უკრაინელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ხერსონის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის კოლაბორაციონისტი გახდა და თვითგამოცხადებული ხერსონის რესპუბლიკის გუბერნატორის პოსტი დაიკავა.
ლოს-ანჯელესში ხანძარი 7 იანვარს, პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში დაიწყო, რომელიც სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარეობს. ამ დროისთვის დაღუპულია 24 ადამიანი, ათიათასობით მოსახლე სახლის გარეშეა დარჩენილი.





