დღეს, 9 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატები დასტირის, გლოვობს და ეთხოვება თავის 39-ე პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს. ამერიკა ამავდროულად ზეიმობს იმ მემკვიდრეობას, რომელიც კარტერმა ამერიკელ ხალხს და მთელს მსოფლიოს დაუტოვა. მან იცხოვრა იმდენ ხანს, რამდენიც ამერიკის არცერთ პრეზიდენტს არ უცხოვრია. ის ას წელს გადაცილებული გარდაიცვალა და დატოვა კვალი ნათელი.
ჯიმი კარტერის პოლიტიკური მემკვიდრეობის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა ჩვენში, მაგრამ მისი რელიგიური მემკვიდრეობის ამბავი შედარებით ნაკლებად არის ცნობილი. ამ წერილში მე მინდა სწორედ ამაზე ვისაუბრო და ასევე მინდა, მკითხველს გავუმჟღავნო ჯიმი კარტერის საქართველოსთან ურთიერთობის ერთი პატარა, ოღონდ არა უმნიშვნელო ამბავი.
ჯიმი ერნსტ კარტერი დაიბადა 1924 წლის 1 ოქტომბერს ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში და იქვე გარდაიცვალა 2024 წლის 29 დეკემბერს. მას იხსენებენ, როგორც საზღვაო ჯარების ვეტერანს, მიწის თხილის ფერმერს, ჯორჯიის შტატის გუბერნატორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს. თუმცა, ამავდროულად, ის იყო საკვირაო სკოლის მასწავლებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, მშვიდობის ქომაგი და ადამიანის უფლებების თავგამოდებული დამცველი.
მთავარია, რომ ის იყო გულწრფელად მორწმუნე ადამიანი. ექსპერტების დაკვირვებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამერიკას არ ჰყოლია მისი მსგავსი ღრმად რელიგიური პრეზიდენტი და ვინ იცის, იქნებ არც არასდროს ჰყოლია.
მან ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მიიღო ნუმინოზური გამოცდილება, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მისი რწმენისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. თავის წიგნში, რომელსაც “ცოცხალი რწმენა” ჰქვია, კარტერი აღწერს თავის ღრმა სულიერ გამოცდილებას - ეს თავს მაშინ გადახდა, როცა თავისთვის იჯდა სადღაც მიყრუებულ მხარეში და მდინარის პირას თევზაობდა. როგორც კარტერი წერს, მაშინ იგრძნო პერსონალური კავშირი ღმერთთან და მთელს სამყაროსთან, რასაც ის “ღვთაებრივი სუფევის“ განცდას უწოდებს.
ამ ნუმინოზურმა გამოცდილებამ განსაზღვრა მისი ერთგულება ჰუმანიტარული საქმიანობის, სოციალური სამართლიანობისა და ქრისტიანული რწმენის მიმართ. კარტერი ყოველთვის გულწრფელად საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორც განსაზღვრა მისმა სულიერმა გამოცდილებამ მისი ღირებულებები, მისი საქველმოქმედო მოღვაწეობა და მისი სამშვიდობო ინიციატივები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თეთრი სახლი დატოვა, 1981 წელს. არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ უღვაწია იმდენ ხანს პრეზიდენტობის შემდეგ, რამდენი ხანიც მან იღვაწა მშვიდობის, სამართლიანობისა და სიკეთის ყანაში.
მისი რწმენა ეფუძნებოდა იესო ქრისტეს ერთგულებას. ჯიმი კარტერს ნათქვამი აქვს: „მე მწამს, რომ იესო ქრისტე არის ღვთის ძე და ის არის ჩემი უფალი და მაცხოვარი. ცხოვრებაში შეცდომა ბევრი დამიშვია, მაგრამ ჩემი რწმენა ყოველთვის მეხმარებოდა, რომ სწორ გზას დავბრუნებოდი.“
ეს რწმენა გაცილებით მეტი იყო მისთვის, ვიდრე რელიგიასთან ფორმალური კუთვნილება. „იესო ქრისტეს სწავლებანი წარმოადგენენ ჩემთვის მეგზურს ყველაფერში, რასაც მე ვაკეთებ.“ - ამბობდა კარტერი. ეს მისთვის ლიტონი სიტყვები არ იყო. ამას მოწმობს მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა.
მოდით, ვნახოთ, რაში უწევდა მეგზურობას იესო ქრისტეს სწავლებანი ჯიმი კარტერს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.
ღარიბები
კარტერი თითქმის სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა ორგანიზაციასთან, რომელსაც ჰქვია "საცხოვრებელი კაცობრიობისთვის“ (Habitat for Humanity). ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში ხელმოკლე ოჯახებისთვის აშენებს სახლებს მთელს შეერთებულ შტატებში. მას უბრალო ხალხთან ყოფნა, მათი ცხოვრების გაზიარება და ჭუჭყიანი სამუშაოების შესრულება უფრო ეხალისებოდა, ვიდრე დიდ გალა კონცერტებზე, მდიდრულ მიღებებსა და გაპრანჭულ ღონისძიებებზე დასწრება. თავის განუყრელ მეგობართან და მეუღლესთან, როზალინთან ერთად, მას ყოველ წელს ნახავდით სამუშაო ტანისამოსში გამოწყობილს, ჩაქუჩით, ხერხით თუ სამღებრო ფუნჯებით ხელში.
არცერთ პრეზიდენტს არ გამოუხატავს თავისი თანადგომა ღარიბების, უპოვრებისა და ავადმყოფების მიმართ ამერიკაში, აფრიკასა თუ აზიაში, ისე, როგორც ამას კარტერი გამოხატავდა, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე.
მისი წინამძღოლობის მოდელს განსაზღვრავდა ‘მომსახურე წინამძღოლის’ - ანუ იესო ქრისტეს მაგალითი, ვისზეც აშკარად საუბრობენ სახარებების ავტორები:
"ღვთის ძე იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მას მომსახურებოდნენ, არამედ იმისათვის, რომ ის სხვას მომსახურებოდა.“ (მათე 20:28, მარკოზი 10:45, იოანე 13:1-17).
წინამძღოლობა მისთვის ადამიანის სამსახურში დგომას ნიშნავდა და არა ძალაუფლებით სარგებლობას, როგორც ეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ ლიდერებს ახასიათებთ ხოლმე ჩვენთანაც და სხვაგანაც.
ქალები
მისი თანამედროვე პოლიტიკური მოღვაწეებისგან განსხვავებით, ჯიმი კარტერი თავგამოდებით იცავდა ქალების უფლებებს არა მხოლოდ სიტყვით და პოლიტიკური დეკლარაციებით, არამედ საქმით.
თავისი პრეზიდენტობის დროს კარტერმა გაცილებით მეტი ქალი დანიშნა სამთავრობო პოზიციებზე, ვიდრე ამერიკის ყველა პრეზიდენტს დაუნიშნავს ერთად აღებულს. პრეზიდენტობის შემდეგ მან შექმნა ორგანიზაცია - კარტერის ცენტრი, რომელიც დღემდე დახმარებას უწევს ქალებს ჯანმრთელობის, განათლების, სოციალური წინსვლისა და განვითარების საქმეში მთელი დედამიწის ზურგზე.
კარტერი თვლიდა, რომ ქალთა თანასწორობის საკითხი უმნიშვნელოვანესი იყო ამერიკისათვის და არა მარტო ამერიკისათვის. „ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი საზოგადოება, არის ქალების სრული და თანასწორი ჩართულობა ცხოვრების ყველა სფეროში.“ -ამბობდა იგი.
ის დაჟინებით იმეორებდა: "ქალების უფლებები არის ადამიანის უფლებები!“
ცხადია, არ გაგიკვირდებათ, რომ ამ საქმეშიც მას მეგზურობას უწევდა იესო ქრისტეს მოძღვრება. “მე მწამს” - ამბობდა კარტერი - “რომ ბიბლია გვასწავლის, დავეხმაროთ და ძალა შევძინოთ ქალებს. ქალებს შეუძლიათ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იმუშაონ და შეასრულონ ის როლები საზოგადოებაში, რომლებზეც მათ ტრადიციულად უარს ეუბნებოდნენ.“
ამიტომაც იყო, რომ ის მხარს უჭერდა ქალებისათვის ძალის შემძენ საქმიანობას მთელს მსოფლიოში, იქნებოდა ეს მათთვის რეპროდუქციის საქმეში გადაწყვეტილების უფლებების მინიჭება, განათლების მიღება თუ საპასუხიმგებლო პოზიციების დაკავება.
ის მგზნებარე მხარდამჭერი იყო ასევე ქალების ხელდასმისა მღვდლებად, დიაკონებად და ეპისკოპოსებად. პრეზიდენტობის შემდეგ, კარტერი რეგულარულად ელაპარაკებოდა სხვადასხვა დენომინაციის წინამძღოლებს ქალების ხელდასხმის აუცილებლობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს თეოლოგიური საფუძველი ქალებისათვის ხელდასმის აკრძალვისა, ის მოუწოდებდა ყველას, რომ ქალებისათვის მიეცათ უფლება, ეკლესიებში ემსახურათ, როგორც სასულიერო პირებს.
მისი თქმით, "თუ ქალებიც ღმერთის სახედ და ხატად არიან შექმნილი, მაშინ მათ უფლება უნდა ჰქონდეთ, მამაკაცების მსგავსად, იმსახურონ როგორც სასულიერო პირებმა.“
მისი აზრით, ქალებისთვის ხელდასმის უფლების წართმევა არ მიესადაგებოდა იესო ქრისტეს სწავლებას.
ლგბტქ+ თემი
ჯიმი კარტერი მტკიცე მხარდამჭერი იყო პროგრესული ხედვისა ლგბტქ+ უფლებებთან მიმართებით. ამ საქმეში მისთვის მნიშვნელოვანი იყო მიმღებლობისა და გაგების ხელშეწყობა.
მას სჯეროდა ლგბტქ+ პირების ღირსებისა და უფლებებისა. ის აცხადებდა, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია არ უნდა იყოს საფუძველი მისი დისკრიმინაციისა და გარიყვისა. ის აცხადებდა, რომ კანონმდებლობამ და რეგულაციებმა ხელი უნდა შეუწყონ ყველა ადამიანის თანასწორობას, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
როგორც კარტერი ინტერვიუებსა და თავის წიგნებში ამბობს, მას სჯერა - ადამიანი გეი იმიტომ არის, რომ ის ასეთად დაიბადა, ეს მისი არჩევანი არ არის. მას ნათქვამი აქვს, რომ გეი ფენომენის არსებობა არის განუყრელი ნაწილი ღვთის მიერ შექმნილი სამყაროსი და ყველა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი მიიღოს თანასწორად და თანადგომა გამოხატოს მის მიმართ.
კარტერი მიუღებლად მიიჩნევდა ზოგიერთი რელიგიური ტექსტის გამოყენებას ჰომოსექსუალობის დასაგმობად და მხარს უჭერდა რწმენის ისეთ გამოხატულებას, რომელიც სიყვარულზე, მიმღებლობასა და ემპათიაზეა დაფუძნებული.
“ეკლესიის კარი ღია უნდა იყოს ჰომოსექსუალებისთვის და ეკლესიამ ისინი ისეთებად უნდა მიიღოს, როგორებიც არიან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბიბლიის ზოგიერთი ინტერპრეტაცია განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის გასამართლებლად” - ამბობდა კარტერი.
ამ საკითხშიც მისთვის მაგალითი იყო იესო ქრისტეს მოძღვრება - “ ყოველთვის მწამდა, რომ ქრისტე ყველა ადამიანის მიმართ განმკითხველობას კი არ იჩენს, არამედ თანაგრძნობას.“
მას ასევე ნათქვამი აქვს, რომ „გეი ადამიანი არის ღმერთის საჩუქარი და ადამიანმა უნდა იამაყოს იმით, ვინც არის. არავის უნდა რცხვენოდეს თავისი ორიენტაციისა.“
რასობრივი თანასწორობა
ჯიმი კარტერი თავის პრეზიდენტობამდე, პრეზიდენტობის განმავლობაში და პრეზიდენტობის შემდეგ ერთთავად იბრძოდა რასიზმის წინააღმდეგ. მას სჯეროდა, რომ ყველა რასის ადამიანს და ზოგადად ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანასწორი უფლებები.
"რასიზმი“, - კარტერი ამბობდა, - “არის ისეთი პრობლემა, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს საზოგადოებაში, ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა. ის არის ნაწილი საჯარო პოლიტიკისა და ინსტიტუციური პრაქტიკისა.“
მისი აზრით, ქრისტიანობა და რასიზმი შეუძლებელია, თავსებადი იყოს. „თუ ჩვენ მართლა იესოს მიმდევრები ვართ, მაშინ ჩვენა გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, რომ ვილაპარაკოთ უსამართლობის წინააღმდეგ, მათ შორის რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ.“
გამოსვლებსა და ნაწერებში კარტერი ყოველთვის გამოხატავს აზრს, რომ რწმენას თან უნდა ახლდეს საქმე - რაც უნდა გამოიხატებოდეს დაჩაგრული ადამიანის გამოსარჩლებაში.
კარტერს გულწრფელად სჯეროდა, რომ ნებისმიერი მრავალფეროვნება ამდიდრებს საზოგადოებას და არ აღარიბებს: „ ჩვენ უნდა ერთად ვიშრომოთ, რასობრივი მიჯნების გაღმა-გამოღმა, რათა ავაშენოთ უკეთესი საზოგადოება. ჩვენი ძლიერება ეფუძნება ჩვენს განსხვავებულობას, ამიტომ ჩვენ კი არ უნდა გვეშინოდეს მისი, არამედ უნდა ვზეიმობდეთ მისით.“
კარტერს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იესო ასწავლიდა მას თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემას. ამის გამო ის თვლიდა, რომ ღვთის თვალში ყველა თანასწორია და ყველა მოწოდებულია ერთობისათვის, მიუხედავად რასობრივი, ეთნიკური, და სოციალური სტატუსისა.
ეკოლოგიური პასუხისმგებლობა
თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში (1977–1981), კარტერმა გაატარა მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პოლიტიკა, რომელიც თავის გამოხატულებას პოულობდა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავებასა და ბუნების დაბინძურებისგან დაცვაში.
მისთვის ენერგიული დამოუკიდებლობა და ენერგიის განახლებადი წყაროების მოძიება ერთ-ერთ პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენდა. ის პირველი მსოფლიო ლიდერი იყო, რომელმაც მაგალითი მისცა ყველას გარემოზე პრაქტიკული ზრუნვისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა.
კარტერმა თეთრი სახლის სახურავზე მოაწყობინა მზის პანელები, რაც ნიშანი იყო, რომ მას გულწრფელად ადარდებდა ეკოსისტემის ბედი და ეძებდა ენერგიის მიღების ალტერნატიულ საშუალებებს.
"როგორც ქრისტიანს, მე მჯერა, რომ ღმერთმა ჩვენ გვიბოძა პასუხისმგებლობა, რომ კარგი მნეები ვიყოთ ამ დედამიწისა.“ - ამბობდა კარტერი და ამ მნეობის მაგალითს თავადვე იძლეოდა პრეზიდენტობის დროსაც და მას შემდეგაც.
რელიგია და ინსტიტუცია
როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, კარტერი ჩვენი ეპოქის პრეზიდენტებთან და ლიდერებთან შედარებით, გამორჩეულად რელიგიური ადამიანი იყო და მისი რელიგიურობა არ იყო ფასადური და ყასიდი.
ის აქტიურად იყო ჩართული რელიგიურ საქმიანობაში მთელი ცხოვრების მანძილზე. ოღონდ არა იმით, რომ ეკლესიაში რეგულარულად დადიოდა და კამერების წინ დიდი კელაპტრით ხელში იდგა ქრისტიანული დღესასწაულების დროს.
ის იყო საკვირაო სკოლის მასწავლებელი ანუ მოძღვარი!
ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით, საჭიროა იმისი განმარტება თუ რას ნიშნავს საკვირაო სკოლა და მისი მასწავლებლობა. საკვირაო სკოლა შეერთებულ შტატებში არის საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომლის მეშვეობითაც ხდება ქრისტიანული მოძღვრების სწავლება არა მარტო ბავშვებისათვის, არამედ ყველა ასაკის ადამიანისათვის.
საკვირაო ლიტურგიის დაწყებამდე, მრევლი მიდის საკვირაო სკოლაში, სადაც რელიგიურად განსწავლილი ადამიანები ატარებენ საკვირაო გაკვეთილებს და ასწავლიან საღვთო წერილს.
ვიდრე კარტერი ჯორჯიის შტატში ცხოვრობდა, ის საკვირაო სკოლის მასწავლებელი იყო ქალაქ პლეინსის ერთ პატარა ეკლესიაში. როცა პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ, ის საკვირაო სკოლაში ასწავლიდა ვაშინგტონის ერთ-ერთ ეკლესიაში. პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, კარტერი ისევ ქალაქ პლეინსში დაბრუნდა და მასწავლებლობა გააგრძელა. წირვას იმდენი ხალხი არ ესწრებოდა ამ ეკლესიაში, რამდენიც საკვირაო სკოლაში მიდიოდა.
რელიგიის მიმართ ერთგულება კარტერს ხელს არ უშლიდა, რომ მანკიერებანი დაენახა რელიგიურ ინსტიტუციებში. 2000 წელს მან ოფიციალურად დატოვა თავისი რელიგიური მიმდინარეობა იმის გამო, რომ ამ გაერთიანებამ დაიწყო ქალების ხელდასხმის აკრძალვა, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა კარტერის რელიგიურ წარმოდგენებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თაობაზე. კარტერი შეუერთდა სხვა დენომენაციას, რომელიც უფრო პროგრესული ხედვებით გამოირჩეოდა. მისთვის მთავარი იყო არა რელიგიური ინსტიტუციის, არამედ იესო ქრისტეს ერთგულება.
ინტერ-რელიგიური მშვიდობა
ჯიმი კარტერი ცნობილია მთელს მსოფლიოში თავისი სამშვიდობო საქმიანობით, როგორც პრეზიდენტობის დროს, ისე მას შედეგ.
მისი პრეზიდენტობის დროინდელ სამშვიდობო მიღწევას წარმოადგენს კემპ დევიდის შეთანხმება, რომელიც 1978 წელს დაიდო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის. ეს შეთანხმება საფუძვლად დაედო ისრაელსა და პირველ არაბულ ქვეყანასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ამან კი ბიძგი მისცა რეგიონში სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას და გაგრძელებას ებრაელებსა და არაბებს შორის.
თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ის აგრძელებს თავის სამშვიდობო საქმიანობას 1982 წელს დაარსებული კარტერის ცენტრის მეშვეობით. ის ხელს უწყობდა მშვიდობის, დემოკრატიისა და საყოველთაო ჯანდაცის სისტემის განვითარებას მთელ მსოფლიოში.
სამშვიდობო საქმიანობაში, ცხადია, იესო ქრისტე მისთვის იყო მეგზური. 2002 წელს, ნობელის პრემიის მიღების ცერემონიაზე მან ყველას გასაგონად განაცხადა:
„მე ვლოცულობ იესო ქრისტეზე, რომელსაც ჩვენ, ქრისტიანები, მშვიდობის თავადად მივიჩნევთ. იესომ, როგორც ებრაელმა, ჩვენ გვასწავლა საკუთარი რელიგიური საზღვრების გადალახვა სხვისი მსახურებისა და სიყვარულის მიზნით… მე დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანებს, მუსლიმებს, ბუდისტებს, ჰინდუისტებს, ებრაელებსა და სხვებს შეუძლიათ, გულში ჩაიკრან ერთმანეთი და ემსახურონ საერთო მიზანს: შეამსუბუქონ ადამიანის ტანჯვა და ბინა დაუდონ მშვიდობას.“
მისი აზრით, ინტერ-რელიგიური დიალოგი იმპერატივია ჩვენი დროებისათვის და მის გარეშე შეუძლებელია მშვიდობაზე ლაპარაკი. „ინტერ-რელიგიურ დიალოგს არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ შიშისა და უნდობლობის გასაძლევად, რომელიც ჩვენ ერთმანეთს გვაშორებს. ჩვენ მხოლოდ ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის მეშვეობით შეგვიძლია სამშვიდობო ბილიკის დაგება.“
კარტერი და საქართველო
90-იანი წლების ბოლოდან საქართველოს ერთერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო რელიგიური ძალადობა, რომელიც ორკესტრირებული იყო ხელისუფლების მიერ. მრავალრიცხოვანი ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებას, არბევდა რელიგიურ ჯგუფებს, ძალადობდა სხვადასხვა რელიგიის მომდევრებზე.
დაუსჯელობის შედეგად, მოძალადეები გათავხედდნენ. ადამიანების ცემამ, დამცირებამ, მუქარამ და მათი საკუთრების განადგურებამ გვარიანად შელახა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია.
ამ დარბევების კულმინაციას წარმოადგენდა თავდასხმა მშვიდობის კათედრალზე, - 2003 წლის 27 იანვარს, - სადაც სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანებს ღვთისმსახურება ერთად უნდა გადაეხადათ ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირაში, რომელიც ყოველ წელს აღესრულება მთელი დედამიწის ზურგზე, იანვრის თვის ბოლოს. ლოცვაში მონაწილეობდნენ რომის კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერული, სომხური სამოციქულო და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიების იერარქები, სასულიერო პირები და მრევლი.
მოძალადეებმა დაარბიეს კათედრალი, ფიზიკურად იძალადეს მრევლზე და სასულიერო პირებზე, დახიეს და გაანადგურეს რელიგიური ლიტერატურა, გაიტაცეს, რისი გატაცებაც შეიძლებოდა.
ამის შემდეგ, ქვეყნის მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ დაინახა, თუ რა შედეგები მოჰქონდა რელიგიური ძალადობისთვის წაყრუებას, როგორც ქვეყნის, ისე პირადად მისი რეპუტაციისათვის. იმავე წლის 14 მარტს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებმა კვლავ აღავლინეს ერთობლივი ლოცვა. ამჯერად წირვას დაესწრნენ თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის და ასევე, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები. წირვას დაესწრო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და საჯაროდ მოიხადა ბოდიში ძალადობსათვის. მან პირობა დადო, რომ საქართველოში მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდებოდა.
ერთერთი მიზეზი, რამაც შევარდნაძეს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, იყო პრიზიდენტ ჯიმი კარტერის წერილი, რომელშიც კარტერი წუხილს გამოთქვამდა რელიგიური ძალადობის გამო საქართველოში და მოუწოდებდა ქვეყნის პრეზიდენტს, აელაგმა რელიგიური ძალადობა. ჯერ სახელმწიფო მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის ვიზიტმა მშვიდობის კათედრალში ვითარება შეცვალა ქვეყანაში. ამის შემდეგ აშკარა რელიგიური ძალადობა მართლაც შეწყდა, თუმცა მაშინ დამნაშავები არ დასჯილან, გასაგები მიზეზების გამო.
ეს მხოლოდ ერთი პაწაწინა დეტალია პრეზიდენტ კარტერის მოღვაწეობიდან, რომელიც აღსავსე იყო ადამიანის უფლებების დაცვის ეპიზოდებით მთელი დედამიწის ზურგზე.
დასკვნისათვის
მინდა, აქ ჩემი სამძიმარი ვუთხრა ამერიკელ ხალხს, ამერიკის ელჩს საქართველოში, საქართველოში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო და ამავდროულად, მადლი შევწირო გამჩენს კარტერის ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის.