8 იანვარს მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპასუხოდ გაავრცელა შეთავაზება, რომ ჩრდილოეთ ამერიკას, მათ შორის, აშშ-ს, რეგიონის ძველ რუკაზე გამოყენებული ისტორიული სახელი - "მექსიკური ამერიკა" - დაერქვას.
"ჩვენ მას მექსიკურ ამერიკას დავუძახებთ, კარგად ჟღერს, არა?" - თქვა მექსიკის პრეზიდენტმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე.
7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ მექსიკის ყურეს სახელი ამერიკის ყურედ გადაერქვას.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ შევცვალოთ მექსიკის ყურის სახელი ამერიკის ყურედ, რაც ლამაზად ჟღერს. ამერიკის ყურე დიდ ტერიტორიას მოიცავს, რა ლამაზი სახელია და შესაფერისი". - თქვა მან და მექსიკას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაეხმაროს აშშ-ს საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შეჩერებაში.
ამავე პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე არ გამორიცხა სამხედრო ძალის ან ეკონომიკური იძულების გამოყენება პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. მას ასევე ჰკითხეს, გამოიყენებდა თუ არა სამხედრო ძალას კანადის წინააღმდეგ, რაზეც უპასუხა: "არა, ეკონომიკურ ძალას".