კრიმინალი

მოკლული ტურისტის ცხედარი მდინარეში გადააგდეს – შსს-მ სვანეთში თავდასხმაზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სვანეთის გზაზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტოარიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს

როგორც თავდასხმის მსხვერპლი ქალი მონაყოლიდან ყვება, წყვილს, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, გზაში რამდენჯერმე შეხვდნენ სავარაუდო თავდამსხმელებს.  თავდამსხმელებმა მანქანით ნაწილობრივ გადაუკეტეს გზა წყვილს. უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი მათთან სასაუბროდ ავტომობილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ იარაღიდან ორი გასროლა გაიგონა და თავად მამაკაცი აღარ დაუნახავს. დაზარალებული ქალის ნაამბობს ნათესავები ავრცელებენ. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულიხმობს. 

კომენტარები