სამხრეთ კორეა

სამხრ. კორეის პრეზიდენტის უსაფრთხოებამ სამართალდამცავებს მისი დაკავების საშუალება არ მისცა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი იაპონური ოკუპაციის დასრულების 78-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას. 2023 წლის 15 აგვისტო
Lee Jin-man/Pool via REUTERS

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა სამართალდამცავებს ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავების საშუალება არ მისცა

მაღალჩინოსნების კორუფციის გამოძიების სამსახურის თანახმად, საპრეზიდენტო სასახლეში იუნ სუკ იოლის დაკავება სცადეს, რომლის წინააღმდეგაც აჯანყების მუხლით სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს, მაგრამ სამსახურის პერსონალს ადგილზე ჯარისკაცები დახვდნენ. სამსახურის ცნობით, კორდონები რაოდენობრივად ანტიკორუფციული სამსახურსა და პოლიციას აღემატებოდნენ. 

ექვსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, კორუფციის გამოძიების სამსახურმა თავისი პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაკავების ორდერის აღსრულება გადადო.

“გადაწყდა, რომ დაკავების ორდერის აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მიმდინარე დაპირისპირების გამო”. - წერია განცხადებაში. 

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცები პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს ემორჩილებოდნენ.

კორუფციის გამოძიების სამსახურის თქმით, სამომავლო ნაბიჯებს განიხილავს. 

სამხრეთკორეული გამოცემა Yonhap-ის ცნობით, პოლიციამ, რომელიც ერთობლივი საგამოძიებო გუნდის ნაწილია, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე თანამდებობრივი ვალდებულების აღსრულებაში ხელშეშლაში ეჭვმიტანილებად ცნეს და დაკითხვაზე დაიბარეს. 

სასამართლომ იუნ სუკ იოლის წინააღმდეგ დაკავების ორდერი დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაკითხვისთვის გამოცხადების ბრძანებებს უგულებელყოფდა. 

სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინააღმდეგ გამოძიება "აჯანყების" მუხლით მიმდინარეობს მის მიერ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გამო.

აჯანყება იმ ორ დანაშაულს შორის ერთ-ერთია, რომლისგანაც იმუნიტეტი პრეზიდენტსაც არ აქვს. მეორე მხრივ, პრეზიდენტს აქვს პოლიციის უფროსისა და გენერალური პროკურორის შეცვლის უფლებამოსილება, რაც გამოძიების ჩატარებას ძალიან ართულებს.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტის 300 დეპუტატიდან იმპიჩმენტის მომხრე 204 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი 85 იყო. ეს იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა იყო, მას შემდეგ რაც მან 3 დეკემბერს მოულოდნელად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა. 

"სამხედრო მდგომარეობის მიზანი პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა" – თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში. 

იოლის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი "მძევლად აიყვანეს" და მათ ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურდათ. 

ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის ბიუჯეტის წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი მკვეთრად შემცირება მოითხოვა. ასევე, პარტიამ სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.

კომენტარები