საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო იმ პირთა სრულ სიას აქვეყნებს, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა, კერძოდ, ქართული ოცნების 150 წარმომადგენელია დასანქცირებული, მათგან 45 პირის ვინაობა ცნობილია, მათ შორისაა 14 ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი, 8 პოლიტიკური თანამდებობის პირი და 11 მოსამართლე, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.
"დასავლურმა სამყარომ ქართული ოცნების უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.
წარმოგიდგენთ ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.
დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ". - წერია TI-ს განცხადებაში.
