დასავლეთის სანქციები

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე პუტინმა თქვა, რომ სანქციები რუსეთს აძლიერებს

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი დასავლეთის სანქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს. ამის შესახებ მან 4 ივლისს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე, რომელიც წელს ვირტუალურად ინდოეთის ხელმძღვანელობით ტარდება, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ პუტინმა პლატფორმა დასავლეთისთვის დაუმორჩილებლობის გზავნილის გასაგზავნად გამოიყენა.

"რუსეთი ეწინააღმდეგება ყველა ამ გარე სანქციას, ზეწოლას და პროვოკაციას და აგრძელებს განვითარებას ისე, როგორც არასდროს". - თქვა პუტინმა. 

გასულ თვეში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ პუტინი საჯაროდ რამდენჯერმე გამოჩნდა, თუმცა სამხედრო არეულობის შემდეგ იგი საერთაშორისო ლიდერებს პირველად შეხვდა.  

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს SCO-ს ქვეყნებიდან, რომლებმაც გამოხატეს მხარდაჭერა კონსტიტუციური წესრიგის, მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებების მიმართ". - თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე ისაუბრა SCO-ს ქვეყნებს შორის ადგილობრივ ვალუტაში სავაჭრო შეთანხმების მხარდაჭერის შესახებ, რაც მისივე თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ეფექტს ამსუბუქებს. 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს და რუსეთს შორის ვაჭრობის 80%-ზე მეტი რუბლსა და იუანში სრულდება და SCO-ს სხვა წევრებს მოუწოდა, რომ ამ პროცესში მათ მიბაძონ.

პუტინი ასევე მიესალმა ბელარუსის განცხადებას, რომლის თანახმად მომავალ წელს იგი SCO-ის მუდმივი წევრი გახდება. ამასთან, სამიტზე ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა.

კომენტარები