პროკურატურის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მკვლელობაში ბრადლებული და მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "ე", "თ", "კ" და "მ" (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
მკვლელობა გარდაბანში 2024 წლის 16 მაისს მოხდა. ბრალდებულმა დას ჯერ მანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ნ.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.