თბილისის მერია

თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა - კალაძე

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა. კალაძის ცნობით, ცენტრი უკვე მზადაა, დედაქალაქს 24 საათის განმავლობაში მოემსახუროს. 

"როგორც იცით, აღნიშნული მიმართულება დედაქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ პრობლემის მოგვარება და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს თანამედროვედ, ცივილურად. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

თბილისის მერის თქმით, ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება, "რაც დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია".

კომენტარები