აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში ელჩის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ განცხადებაში კვლავ დააყენა აშშ-ს მიერ დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონის, გრენლანდიის, შესყიდვის საკითხი.
ტრამპის თქმით, "მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფლების მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ გრენლანდიის მფლობელობა და კონტროლი აბსოლუტური საჭიროებაა".
აღნიშნული განცხადება ტრამპმა დანიის სამეფოში აშშ-ს ელჩის კანდიდატურაზე ამერიკელი ინვესტორისა და ანტრეპრენერის კენ ჰაუერის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტში გააკეთა.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა გრენლანდიის შესყიდვის საკითხი თავდაპირველად პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააყენა. მან 2019 წელს დანიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა, როდესაც დანიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორია არ იყიდებოდა.
წარსულში, 1867 წლის შემდეგ, აშშ-ს გრენლანდიის შესყიდვის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. გრენლანდია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულია (რომელიც კონტინენტი არ არის), ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილია, თუმცა ახლო გეოპოლიტიკური კავშირები ევროპასთან აქვს. გრენლანდია ევროკავშირისგან დაფინანსებასაც იღებს, რადგან იგი ბლოკთან დაკავშირებულ ზღვისიქითა ტერიტორიად ითვლება, დანიის მეშვეობით.