ეუთო-ოდირის დასკვნა

პაპუაშვილის თქმით, ეუთო/ოდირმა ოპოზიცია, ზურაბიშვილი და NGO-ები 5 ტყუილში ამხილა

შალვა პაპუაშვილი

ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 5 მთავარ ტყუილში ამხილა.

პაპუაშვილის თქმით, ესენია: 1.საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები; 2. 300 000 გაყალბებული ხმა; 3. ერთი პირადობით 17-ჯერ მიცემული ხმა; 4. რუსული სპეცოპერაცია; 5. გაჟონილი მარკირება. 

"საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები - სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. 

300 000 გაყალბებული ხმა - ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და ქართულმა ოცნებამ მიიწერა. არც პირდაპირ და არც ირიბად ამ ანგარიშში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმის შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ჰქონდა ადგილი. 

ერთი პირადობით 17-ჯერ მიცემული ხმა - სრულად დაიმსხვა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოსდა რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის შესახებ. 

რუსელი სპეცოპერაცია - განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორთან ერთად ავრცელებდა არჩევნებში თითქოსდა რუსეთის ჩარევის შესახებ.

გაჟონილი მარკირება - ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, NGO-ები და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მე-5 დღეს ჩაეჭიდნენ: საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლადარჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე ვრცელი დასკვნა წარადგინა, მათი განცხადებით, მას არ აქვს მანდატი, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და წერს, რომ არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს.

 

პრესრელიზში წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული იყო "ამომრჩეველთა ნაწილის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა". 

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლების ზეწოლის, საარჩევნო პროცესში მონაწილე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისა და "ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონის გავლენის შესახებ სერიოზული შეშფოთებების" ფონზე. 

კომენტარები