ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

იმედია, ზოგისთვის უვიზოს ავკრძალავთ, თუმცა საუბარი უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ესტონეთს იმედი აქვს, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის აკრძალავენ. 

ამის შესახებ მან ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ისაუბრა.

"ესტონეთმა აკრძალულთა და სანქცირებულთა სიას დამატებით 14 მაღალი თანამდებობის პირი მიამატა, მათ შორის პრემიერმინისტრი. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ დღეს მივაღწევთ ეტაპს, როცა ზოგიერთი პერსონალისთვისა და დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების (რედ. - მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის) აკრძალვას შევძლებთ". - თქვა ცაჰკნამ.

ცაჰკნამ ასევე თქვა, რომ დისკუსია უფრო ფართო უნდა იყოს და ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს ხაზი გაუსვა. მისივე თქმით, არ აპირებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა აღიაროს. 

"თუმცა, დისკუსია გაცილებით უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოება და ეს ძალადობა ადამიანის უფლებებს არღვევს, შემიძლია ვთქვა, რომ რეალურად კრიმინალურია. ასევე, როგორც აქამდე მითქვამს, რომ არჩევნების შედეგების აღიარებას არ ვაპირებ, თითქოს არჩევნები გამჭვირვალე, პატიოსანი და დემოკრატიული იყო, ასე არ ყოფილა. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ამაზე საუბარი გვექნება". - თქვა ცაჰკნამ. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ EU-ს მინისტრებს შესაძლო სამომავლო ზომების სია აქვთ, რომლებსაც მიიღებენ, თუკი საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის. მისივე თქმით, ზომებს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებაც განიხილება.

"ასევე, სხვადასხვა ზომების სია გვაქვს, რომელთა მიღებაც ევროკავშირს სამომავლოდ შეუძლია და თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ ცვლის, ვგულისხმობ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არის შესაძლებლობა, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ამიტომ, ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის ზომები იქნება მიღებული". - თქვა ცაჰკნამ. 

მანამდე, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის უფროს ოფიციალური პირზე დაყრდნობით X-ზე წერდა, რომ 16 დეკემბერს "საქართველოს შესახებ ბლოკის საგარეო მინისტრებს შორის განხილვა იქნება და "შესაძლო ახალ ზომებს მიიღებენ"". 

კომენტარები