აშშ-საქართველო

კობახიძე: გვინდა აშშ-სთან საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, აქამდე საქართველოს აშშ-სთან ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა, ხოლო ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელისუფლებას იმედი აქვს, დაიწყება საუბარი "რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით". 

"გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და გვინდა დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენი წარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითად ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ როგორც აშშ-, ასევე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის" - ამბობს კობახიძე.

ამასთან, პრემიერმინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაცია არ დააყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც თვისებრივად ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების ღირებულებებს. 

"ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები დასრულდება წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ- შორის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ განსხვავებულად ვხედავთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ დღეს არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები. გვინდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვინდა აქტიურად საუბრების დაწყება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ასევე ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ღირებულებებზე - სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს პირველ რიგში ღირებულებებზე დაფუძნებული. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაცია არ დაგვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომელიც თვისებრივად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ღირებულებებს. ვფიქრობთ, რომ აქაც არის სერიოზული თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან და ესეც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს" - თქვა კობახიძემ. 

30 ნოემბერს აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება სახდეპის ვებგვერდზე გავრცელდა.

მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.

კომენტარები